ბიძინა ივანიშვილი: მთავრობის ყველა წევრს ჩემი მხრიდან დიდი ყურადღება ეთმობა, რომ არ გაბედონ საკუთარი თანამდებობის სათავისოდ გამოყენება

მთავრობის ყველა წევრს დიდი ყურადღება ეთმობა, მათ შორის, ჩემი მხრიდანაც, რომ, პირველ რიგში, მათ დაიცვან კანონი და არ გაბედონ საკუთარი თანამდებობის სათავისოდ გამოყენება, – აღნიშნული განცხადება ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „GDS“-ის ახალ პროექტში – “შეხვედრები რეგიონულ მედიასთან“-სტუმრობისას გააკეთა.
როგორც ყოფილმა პრემიერმა არაფორმალურ მმართველობასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად აღნიშნა, არც მისი ქმედებები და არც მისი პოზიცია ქვეყნის მმართველობა არ არის.
„რასაც მე ვაკეთებ და რა პოზიციაც მე მაქვს, ამას არ ჰქვია მმართველობა. იქნებ მმართველობას ოპონენტები ეძახიან იმ სტანდარტებს, რომელიც მე დავტოვე და რომლითაც „ქართული ოცნების“ გუნდი დღეს სარგებლობს პოლიტიკაში. სტანდარტები, რომელიც დაფუძნდა- კანონის უზენაესობა- პირველ რიგში, მთავრობას და მთავრობის მეთაურს უნდა მოეთხოვებოდეს. იდეალური პიროვნება გვყავს გიორგი კვირიკაშვილი“,-განაცხადა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ მთელმა გუნდმა 4 წლის განმავლობაში დაამტკიცა, რომ საზოგადოებისგან დაქირავებულნი არიან.
„4 წლის განმავლობაში მათ დაამტკიცეს, რომ არიან დაქირავებული საზოგადოებისგან. გარდა იმ დიდი აჟოტაჟისა, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ ახერხებდა პრემიების გამოწერასთან დაკავშირებით.
მთავრობის ყველა წევრს დიდი ყურადღება ეთმობა, მათ შორის ჩემი მხრიდანაც, რომ პირველ რიგში, მათ დაიცვან კანონი, არ გაბედონ საკუთარი თანამდებობის სათავისოდ გამოყენება. ძალიან ბევრი პოლიტიკოსი ვეღარ აღწევს სასამართლო ჯიბეში ჩაისვას და ამბობობენ, აი, „ივანიშვილის პატიმრები“, „ივანიშვილის ტყვეები“. ათასი ტერმინი შემოიღეს. ამ დროს, მე თუ მკითხავთ, კანონთან მაიგივებენ“,-აღნიშნა ყოფილმა პრემიერმა.
ბიძინა ივანიშვილმა ხელისუფლებაში მოსვლიდან გასული 4 წელიც შეაფასა და განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კანონს ძალა მიეცა.
„კანონმა დაიწყო ქმედება, კანონს ძალა მიეცა, აი, ეს მოიტანა ამ გუნდმა. სწორედ ამას მიიჩნევენ ჩემ მიერ ქვეყნის მმართველობად. მე არ ვმართავ, კვირიკაშვილი მართავს და ძალიან წარმატებულად, მაგრამ იმავე სტანდარტებით და იმავე მეთოდებით. სწორედ ეს არის ყველაზე დიდი უპირატესობა „ქართული ოცნებისა“, რომ თვითონ იცავენ იმ სტანდარტებს, რაც დავაფუძნეთ იმის საპირისპიროდ, რაც იყო ქვეყანაში.
კანონი არ მოქმედებდა ამ გუნდზე, მოსახლეობაზე – სამჯერ მეტად. მოსახლეობის წინააღმდეგ ასჯერ მეტ კანონის სიმკაცრეს იყენებდნენ. ცხვირ-პირს უმტვრევდნენ და ასე ექცეოდნენ საკუთარ მოსახლეობას”,-განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა და აღნიშნა, რომ ხელისუფლების ყველაზე მკაცრი კონტროლი, როგორც მოქალაქე, თავად არის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები