ზვიად ძიძიგური: დღეს არის ყველა პირობა ნორმალური არჩევნების ჩასატარებლად

1990 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებიდან დაწყებული დღემდე, ყველა არჩევნებში ვმონაწილეობ, დღეს არის ყველაზე მშვიდი და რაციონალური საარჩევნო გარემო, – ეს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ზვიად ძიძიგურმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა.
დეპუტატმა ქვეყანაში არსებულ წინასაარჩევნო გარემოზე ვრცლად ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყველა პარტიას აქვს სრული შესაძლებლობა, წინასაარჩევნო აგიტაცია მშვიდ გარემოში აწარმოოს.
“თითქმის ყველა საპარალამენტო არჩევნებში მიმიღია მონაწილეობა. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ასეთი მშვიდი, ჩამოყალიბებული, რაციონალური წინასაარჩევნო გარემო არ მახსენდება, რაც დღეს არის. საგულისხმოა, რომ ამდენი პოლიტიკური პარტიის არსებობის ფონზე, ცესკოში არის სულ 50-მდე სარჩელი შესული. თუ შევადარებთ ამას 2010 და 2012 წლებში არსებულ საარჩევნო გარემოს, დავინახავთ, რომ განსხვავება უდავოდ დიდია“, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.
დეპუტატმა 2012 წლამდე არსებული პოლიტიკური ვითარებაც გაიხსენა და აღნიშნა, რომ სამართლიანობის აღდგენის კუთხით, ქვეყანაში 4 წლის განმავლობაში, შეუძლებელი გაკეთდა.
“სამართლიანობის აღდგენის კუთხით, ქვეყანაში ყველაფერი გაკეთდა. დღეს უკვე ცოლი ქმარს რომ ელაპარაკება ტელეფონზე, აღარ ეშინია, რომ მას უსმენენ. წართმეული ბიზნესების თემა იმდენად რთული გამოსაძიებელია, რომ ამ საქმეს ეს 4 წელი არ ეყოფოდა, რადგან ერთი ბიზნესმენიდან შეიძლება მეშვიდე დაზარალებულ ბიზნესმენამდე მივიდეთ“, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები