დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებულ გოდერძი თევზაძეს პატიმრობა შეეფარდა
დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებულ ყოფილ პოლიციელს, გოდერძი თევზაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ლერი თედორაძემ დასავლეთ საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და პოლიციელ გოდერძი თევზაძეს პატიმრობა შეუფარდა.
თავად გოდერძი თევზაძე მიმალვაშია და პროცესზე არ გამოცხადებულა. მასზე ძებნაა გამოცხადებული.
შეგახსენებთ, რომ დემურ სტურუას თვითმკვლელობის ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში პროკურატურამ შსს-ს სამტრედიის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის გოდერძი თევზაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით მიმართა. პროკურატურამ გოდერძი თევზაძეს სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე ბრალი დაუსწრებლად გუშინ წარუდგინა.
როგორც პროკურატურის მიერ გუშინ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, გოდერძი თევზაძე თავს არიდებს გამოძიებას, შესაბამისად თევზაძის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, სათანადო პროცედურების განხორციელების შემდეგ მის მიმართ გამოცხადდება ძებნა.