შსს-მ სიძის მკვლელობისთვის ახალგაზრდა მამაკაცი დააკავა
შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორების სამმართველოსა და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მესტიის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, 1993 წელს დაბადებული გ.მ. ოჯახური დანაშაულის ნიადაგზე ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით მესტიის რაიონში დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა 2015 წლის 19 ნოემბერს, თბილისის ზღვის მახლობლად, ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე, მისი დის მეუღლეს, 1988 წელს დაბადებულ ლ.კ.-ს ცივი იარაღით ყელის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და მიიმალა. დაჭრილი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
გამოძიება ოჯახური დანაშაულის ნიადაგზე ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 111-108-ე მუხლით).