საქალაქო სასამართლო სუს-ის მიერ დაკავებულთა საქმეზე განცხადებას ავრცელებს

თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიამ დააკმაყოფილა მთავარი პროკურატურის შუამდგომლობა და ტერორისტული აქტის ჯგუფურად მომზადების საქმეზე დაკავებულ შვიდივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახედ დაპატიმრება შეუფარდა.
ამის შესახებ საქალაქო სასამართლოს განცხადებაშია აღნიშნული.
„ბრალდებულებს: ბექა ბ.-ს, ჯაბა მ.-ს, მინდია ვ.-ს, ვლადიმერ რ.-ს ბრალად ედებათ ტერორისტული აქტის მომზადება, ე. ი. აფეთქების ჯგუფურად მომზადება, რომელიც ქმნის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანის და მძიმე შედეგის განხორციელების საშიშროებას, ხოლო ბექა ბ.-ს და ჯაბა მ.-ს ასევე ტერორისტული მიზნით ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, ხოლო ჯაბა მ.-ს ასევე ბრალად ედება საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა შენახვა.
წარდგენილი ბრალდების თანახმად, ნუკრი ჭ.-მ ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების და ასაფეთქებელი მოწყობილობის ტერორისტული მიზნით მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებაში დახმარება; ირაკლი ბ.-მ მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა, ხოლო ლევან მ.-მ ჩაიდინა მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის უპირატესობის მინიჭების მიზნით, რამაც სახელმწიფო ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.
საქმის მასალების თანახმად, ბრალდებულები მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანის წარმოშობის მიზნით, სოფელ საგურამოს მიმდებარედ მდინარე არაგვზე გამავალი გაზის სატრანზიტო მილსადენის ტერორისტული მიზნით აფეთქებას გეგმავდნენ. კერძოდ, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები გაემგზავრნენ დუშეთის რაიონის სოფელ ჩარგალში, სადაც ტყის მასივში არსებული სამალავიდან ამოიღეს ფეთქებადი ნივთიერებები, ასაფეთქებელი მოწყობილობები და საბრძოლო მასალა, რა დროსაც ისინი სამართალდამცველებმა დააკავეს.
სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების შერჩევისას მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ ბრალდებულთა ნაწილს ბრალი ედებათ ჯგუფის მიერ ჩადენილ მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულში, რაც ქმნის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანის და სხვა მძიმე შედეგის განხორციელების საშიშროებას და ხელყოფს საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, სახელმწიფოს სტრატეგიულ ინტერესს. დანაშაულის ხასიათისა და სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების გათვალისწინებით, სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და ზემოხსენებულ პირებს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა“, – ნათქვამია განცხადებაში.
აღნიშნულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა 10 სექტემბერს, 15:00 საათზე გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები