მსუბუქ ათლეტიკაში რუსეთის ნაკრებს პეკინის ოლიმპიადის ვერცხლის მედლები ჩამოართვეს
საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა მსუბუქ ათლეტიკაში რუსეთის ქალთა ნაკრებს პეკინის ოლიმპიადის ვერცხლის მედლები ჩამოართვა. ამის მიზეზი სპორტსმენების მიერ დოპინგის გამოყენება გახდა. ინფორმაციას „ბი-ბი-სი“ ავრცელებს.
აღნიშნული გადაწყვეტილება რუსი ათლეტის, ანასტასია კაპაჩინსკაიას სისხლის ანალიზის გადამოწმების შემდეგ მიიღეს.
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთის ნაკრებს ჯილდოები ჩამოერთვა და ის ოლიმპიურ კომიტეტს უნდა დაუბრუნდეს.
მანამდე ოლიმპიურმა კომიტეტმა რუსეთის ქალთა ნაკრებს 4×100 ესტაფეტაში ოქროს მედლებიც ჩამოართვა. ამის მიზეზი რუსი სპორტსმენის იულია ჩერმოშანსკაიას დოპინგის ანალიზი გახდა.