იუსტიციის სამინისტრომ სამი ნოტარიუსი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა

იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ გატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად სამი ნოტარიუსი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა.
როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, სამი ნოტარიუსიდან ორი სისხლის სამართლის პასუხისგებაში სამსახურებრივი გულგრილობის, ხოლო ერთი − სამსახურებრივი გულგრილობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით მიეცა.

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის საგამოძიებო სამმართველოში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეებზე ნოტარიუსების მიერ სამსახურებრივი გულგრილობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის” 342-ე მუხლის პირველი ნაწილით და 376-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.
გამოძიებით დადგენილ იქნა, რომ ნოტარიუსებმა, მათზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობების არაჯეროვნად შესრულების შედეგად დაამოწმეს და გასცეს სანოტარო აქტები უძრავი ქონებების განკარგვის თაობაზე არასწორი მონაცემებით ისე, რომ სათანადოდ არ დაადგინეს სანოტარო აქტის მონაწილე პირთა უფლებამოსილება.
ზემოაღნიშნული ქმედებებით უძრავი ქონების მესაკუთრეებს მიადგათ დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი. ამასთან, ერთ-ერთმა ნოტარიუსმა, რომლისთვისაც ცნობილი გახდა, რომ მის მიერ სანოტარო აქტის გაცემისას მოქალაქეს ჩადენილი ჰქონდა მძიმე დანაშაული − ყალბი სანოტარო აქტების გამოყენებით დიდი ოდენობით სხვისი ნივთის თაღლითურად დაუფლება, ზემოაღნიშნულის შესახებ არ შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოებს.
იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექცია სისხლის სამართლის საქმეებზე გამოძიებას აგრძელებს. იმისათვის, რომ დაცული იყოს კანონი და თითოეული მოქალაქის უფლება − მიიღოს მაღალი ხარისხის სანოტარო მომსახურება, იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექცია აგრძელებს ნოტარიუსთა საქმიანობის მუდმივ ზედამხედველობას, ხოლო მცირე ხარვეზის გამოვლენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მოხდება მკაცრი რეაგირება“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები