კახა კალაძე: ქვეყანას მოვაშორეთ უბედურება, რომლის სახეც სისხლიანი ნიღაბი, საქმე – საკუთარი მოქალაქეების ქუჩაში ხვრეტა და ტერორი იყო

4 წლის წინ ჩვენ ერთად დავდექით და ქვეყანას მოვაშორეთ უბედურება, რომლის სახეც სისხლიანი ნიღაბი, საქმე – საკუთარი მოქალაქეების ქუჩაში ხვრეტა და ტერორი, მიზანი – საქართველოს განადგურება იყო, – აღნიშნული განცხადება ვიცე-პრემიერმა და ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ თბილისში, მთაწმინდის პარკში მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენისას გააკეთა.
კალაძით თქმით, ახალმა ხელისუფლებამ სამუდამოდ ჩააბარა წარსულს სისასტიკე.
„ჩვენ სამუდამოდ ჩავაბარეთ წარსულს სისასტიკე და ძალმომრეობა, დავიცავით უმაღლესი ღირებულება – ადამიანი, ვიზრუნეთ მის სიცოცხლეზე, ჯანმრთელობაზე, სიმშვიდეზე, თავისუფლებაზე შევქმენით ნამდვილი, და არა მოჩვენებითი დემოკრატია. დღეს ჩვენ ეროვნული თვითმყოფადობით ვბრუნდებით დიდ ევროპულ ოჯახში. დღეს ჩვენ საქართველოს მსოფლიო რუკაზე კუთვნილ ისტორიულ ადგილს ვუბრუნებთ.
დღეს ჩვენ გარე აგრესიისგან ცივილიზებული სამყარო გვიცავს და ამ ყველაფრის მთავარი ლოკომოტივი თქვენ იყავით, რადგან თბილისია ქვეყნის გული, მისი რიტმი მთელ ქვეყანას გადაეცემა. თბილისი აძლევს სასიცოცხლო ენერგიას დანარჩენ საქართველოს. ამიტომაც,თქვენი ხმა – ქვეყნის ხმაა, თქვენი გადაწყვეტილება – ქვეყნის გადაწყვეტილებაა, თქვენი არჩევანი – ქვეყნის არჩევანია და ეს არჩევანი საქართველოს ძლიერებაა.
ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ ქვეყნის მომავლის შექმნა მხოლოდ ერთიან, თავისუფალ საზოგადოებას შეუძლია მეგობრებო, ჩვენი გზა – ევროპული გზაა, ჩვენი მიზანი – ცივილიზებულ სამყაროში ღირსეული ადგილის დამკვიდრებაა, იმ კანონის უზენაესობაა, რომელიც, საბოლოოდ, ქვეყნის წინაშე ჩადენილ არცერთ დანაშაულს დატოვებს უპასუხოდ.
ჩვენ რადიკალი ლიდერების დრო სამუდამოდ ჩავაბარეთ წარსულს და გზა გაწონასწორებულ, გონიერ, ჰუმანურ და შედეგზე ორიენტირებულ მმართველობას გავუხსენით. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ მხოლოდ ხალხთან ერთად და არა მისგან იზოლირებით შეიძლება რეალური დემოკრატიის შენება. ჩვენ ყველას შევახსენეთ, რომ ხალხის მიერ დასაქმებული მთავრობის უპირველესი მოვალეობა იმავე ხალხის საჭიროებების გაგება, მათზე ზრუნვა და მისთვის განვითარების შესაძლებლობების მიცემაა და ჩვენ ვქმნით ასეთ შესაძლებლობებს.
ჩვენ ვართ პროფესიონალებით გაძლიერებული განახლებული ქმედითი გუნდი, პროგრესული ხედვით, მოქმედების ზუსტი გეგმით და თანამედროვე მიდგომების მქონე პრინციპული ლიდერით. ჩვენი ძალა – თქვენს ნდობაშია, ჩვენი უფლება – თქვენს არჩევანშია. სწორედ თქვენი ნდობა და არჩევანია ჩვენი ძალაუფლების წყარო. მჯერა, ჩვენ ყველა გავხდებით იმ სწრაფი განვითარების მონაწილე, რომელიც კეთილდღეობას თითოეული ჩვენგანის ოჯახში შემოიტანს“,- აღნიშნა სიტყვით გამოსვლისას კახი კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები