„ქვეყანაში არ შეიძლება ფუნქციონირებდეს პოლიტიკური პარტია, რომელიც ასე ღიად გამოდის ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ“

ქვეყანაში არ შეიძლება ფუნქციონირებდეს პოლიტიკური პარტია, რომელიც ასე ღიად და აშკარად გამოდის ტერიტორიული მთლიანობის და დამოუკიდებლობის წინააღმდეგ – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა “ცენტრისტების“ ინიციატივებთან დაკავშირებით განაცხადა.
პარლამენტის თავმჯდომარე მზადყოფნას გამოთქვამს, „ცენტრისტების“ აკრძალვის თაობაზე როგორც „ქართული ოცნების“, ისე „ნაციონალური მოძრაობის“ საკონსტიტუციო სარჩელს მხარი დაუჭიროს და მათ „რესპუბლიკელების“ მიერ მომზადებული მზა სარჩელიც გადასცეს.
„ინიციატივა, რომ საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულაში ჩაიწეროს, რომ ქართველი ერი ისწრაფვის ევროპული და ევროატლანტიკური უსაფრთხოების სისტემებში სრულფასოვანი ადგილის დამკვიდრებისთვის დემოკრატიული სახელმწიფოების გვერდით, არის საჭირო. ეს არ არის ჩემი მოგონება, ეს არის ქართველი ხალხის არჩევანი, გამოხატული ბევრ არჩევნებში, ბევრ გამოკითხვაში. ეს საკითხი პარლამენტში შემავალმა პოლიტიკურმა ძალებმა, ერთი-ორი გამონაკლისის გარდა, ერთი თვის წინ, საჯარო დეკლარაციით კიდევ ერთხელ დავადასტურეთ. ამიტომ, მე მინდა, კიდევ ერთხელ ყველას მივმართო, რომ მართლაცდა გავთავისუფლდეთ წინასაარჩევნო კამპანიის გარკვეული ნიუანსებიდან და ის, რაც ქვეყანას სჭირდება, გავაკეთოთ ერთად. ეს რომ არ იყოს ჩემი მხრიდან ცარიელი სიტყვები, ამის დასტურად მე ვაცხადებ, რომ ერთ-ერთი პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნის თაობაზე სკაონსტიტუციო სარჩელს, თუ იგი იქნება შეტანილი პარტია „ქართული ოცნების“ პარლამენტის წარმომადგენლების მხრიდან, მზად ვარ, შევუერთდე; მზად ვარ შევუერთდე, თუ ეს სარჩელი, იმავე მოთხოვნით, იქნება „ნაციონალების“ მხრიდან გაკეთებული.„რესპუბლიკელები“ მზად ვართ, გადავცეთ კოლეგებს ჩვენ მიერ მომზადებული სარჩელი იმისთვის, რომ გამყარდეს ის სარჩელი არგუმენტებით, ფაქტებით და პოზიციებით.
ეს არის ჩვენი საერთო საქმე და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ ამ ინიციატივებს, მიუხედავად იმისა, ჩვენ რომელ საათზე ვთქვით ეს, რა გავიდა ეთერში, რა არ გავიდა. საქმე იმაშია, რომ ქვეყანაში არ შეიძლება ფუნქციონირებდეს პოლიტიკური პარტია, რომელიც ასე ღიად და აშკარად გამოდის ტერიტორიული მთლიანობის და დამოუკიდებლობის წინააღმდეგ. წერტილი, აღარ სჭირდება ამას ზედმეტი განხილვები იმის თაობაზე, ვინ პირველი იყო, ვინ – მეორე. „რესპუბლიკელებიც“ ვიყავით პირველთა შორის, ვინც გამოვაცხადეთ ეს საკითხი, მაგრამ მზად ვართ, შევუერთდეთ სხვების ინიციატივებს და გადავცეთ მზა სარჩელი“, – განაცხადა უსუფაშვილმა.
როგორც ცნობილია, პარლამენტის ბიუროს სხდომა კვორუმის უქონლობის გამო ვერ შედგა. ბიუროზე „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის ნინო ბურჯანაძის უბლოკო სტატუსთან დაკავშირებულ ინიციატივაზეც უნდა ემსჯელათ. თავის მხრივ დავით უსუფაშვილი საქართველოსთვის უბლოკო სტატუსის მინიჭების მომხრეთა და შესაბამისი საკონსტიტუციო ინიციატივის საპირისპიროდ, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების წინადადებით გამოდის, რომლის მიხედვით, კონსტიტუციის პრეამბულაშივე უნდა დაფიქსირდეს საქართველოს მოქალაქეთა ნება, ევროატლანტიკურ სისტემაში თანამშრომლობასთან დაკავშირებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები