თბილისის საქალაქო სასამართლომ „ცენტრისტებს“ რეგისტრაცია არ გაუუქმა

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ არ დააკმაყოფილა“სამართლიანი არჩევნებისა“ და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“სარჩელი,რომლითაც ორგანიზაცია “ცენტრისტებისთვის“ რეგისტრაციის გაუქმებას ითხოვდა.
„თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ არ დააკმაყოფილა მოსარჩელე ა(ა)იპ “სამართლიანი არჩევნებისა“ და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ სარჩელი, მოპასუხე პოლიტიკური გაერთიანება “ცენტრისტების“ მიმართ. საქმეში მესამე პირად ჩართული იყო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია. მხარეთა შორის დავის საგანს საარჩევნო სუბიექტის რეგისტრაციის გაუქმება წარმოადგენდა.
მოსარჩელემ წარმოდგენილი სასარჩელო განცხადებაში მიუთითა, რომ მოპასუხე პოლიტიკური გაერთიანება „ცენტრისტების“ მიერ შემუშავებულ შეთავაზებაში ამომრჩევლების მიმართ, აღნიშნულია პუნქტი, რომლის თანახმადაც 2016 წლის საქართველოს პარლამენტის არჩევნების შემდეგ, პოლიტიკური გაერთიანება იღებს ვალდებულებას, რომ 50 დღეში, ყველა პენსიონერი ვინც გამოთქვამს სურვილს დ გაივლის რეგისტრაციას პარტიაში, მიიღებს რუსულ პენსიას, რომელიც საშუალოდ არის 400 ლარი. აღნიშნული შეთავაზება გაჟღერდა სატელევიზიო ეთერითაც. მოსარჩელის პოზიციით, მსგავსი შეთავაზება წარმოადგენს ამომრჩეველთა მოსყიდვას, რის გამოც მას უნდა გაუუქმდეს რეგისტრაცია.
მოპასუხე მხარემ, თავის მხრივ არ სცნო სარჩელი და მიუთითა, რომ იგი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარცელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს. კერძოდ, განსახილველ შემთხვევაში, საარჩევნო სუბიექტის შეთავაზება ეხება სახელმწიფო სოციალური უზრუნველყოფის მექანიზმს, რომლის ფორმას მხოლოდ სახელმწიფო განსაზღვრავს, შესაბამისად მისი უზრუნველყოფა მხოლოდ იმ პოლიტიკური გაერთიანების კომპეტენცია იქნება, რომელიც არჩევნებში გაიმარჯვებს და ამ გზით მოიპოვებს პოლიტიკურ ხელისუფლებას. აქედან გამომდინარე, საქართველოს ორგანული კანონით „პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ გათვალისწინებული , დაპირებასთან დაკავშირებული აკრძალვა, იმავე კანონის მიხედვით არ შეეხება პოლიტიკურ და საარჩევნო დაპირებებს, რომლებიც უკავშირდება საბიუჯეტო სახსრების სამომავლო განაწილებას და სახელმწიფო პოლიტიკის სამომავლო განხორციელებას. სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ ხსენებული აკრძალვის ზღვარი კანონმდებელმა დაადგინა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების მიერ ამომრჩეველთა ხმების, ფულადი სახსრების სანაცვლოდ მიღებასა და სახელმწიფოს პოლიტიკის სამომავლო განხორციელებას შორის, რომლის მიზანია, საარჩევნო სუბიექტებს არ შეექმნათ დაბრკოლება წარუდგინონ ამომრჩევლებს საკუთარი ხედვა და პროგრამა სახელმწიფო პოლიტიკის სამომავლო განხორციელებასთან დაკავშირებით, ხოლო მისაღებია თუ არა შეთავაზება, ამას ამომრჩეველი განსაზღვრავს კენჭისყრის დროს.
აღნიშნული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 2 (ორი) კალენდარული დღის ვადაში“, -აღნიშნულია საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები