ამხანაგობა ”თაბუკაშვილი 88”-ის თავმჯდომარე ზურაბ თაბუკაშვილს აღკვეთის ღონისძების სახით დაპატიმრება შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიამ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა, ბრალდებულ ზურაბ თ.-ს მიმართ, აღკვეთის ღონისძიების სახედ დაპატიმრების გამოყენების თაობაზე.
როგორც „კვირას“ თბილისის საქალაქო სასამართლოდან აცნობეს, წარდგენილი ბრალის თანახმად, ზურაბ თ.-ს ბრალად ედება სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისება, თუ ეს ნივთი იმყოფებოდა მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით (27 ეპიზოდი), რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (1 ეპიზოდი). მასვე, ბრალად ედება, სხვისი ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგოდ გაფლანგვა, თუ ეს ქონებრივი უფლება იმყოფებოდა გამფლანგველის მართლზომიერ მფლობელობაში, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით ( 6 ეპიზოდი). სასამართლომ განიხილა შუამდგომლობა, მოისმინა მხარეთა განმარტებები, გაეცნო წარმოდგენილ მასალებს და მიიჩნია, რომ სახეზეა აღკვეთის ღონისძიების გამოყენების როგორც ფორმალური, ასევე ფაქტობრივი საფუძვლები. აღკვეთის ღონისძიების კონკრეტული სახის შერჩევისას, სასამართლომ მხედველობაში მიიღო ბრალდებულის სავარაუდო ქმედებით გამოწვეული ზიანის დიდი ოდენობა, ასევე, გაითვალისწინა მოწმეებზე ზემოქმედებისა და დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების საფრთხე. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და ზურაბ თ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით – დაპატიმრება შეუფარდა.
აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2016 წლის 3 ოქტომბერს 13:00 საათზე , თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები