პროკურატურამ ლალი მოროშკინა მერაბიშვილის საქმეზე დაკითხა

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილი მრჩეველი ლალი მოროშკინა მთავარ პროკურატურაში დაკითხვეს. გამოძიებას მასთან კითხვები შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის ფაქტზე დაწყებული გამოძიების შესახებ ქონდა.
როგორც მოროშკინამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, დამტკიცდება, რომ მერაბიშვილი საკნიდან არ გაუყვანიათ.
„მთავარი არის ის, რომ არაკვალიფიციურად მოიქცა დიმიტრი დარბაისელი, რომელსაც შეეძლო მოეწვია პრესკონფერენცია, წაეყვანა ჟურნალისტები ციხის სისტემაში, ეჩვენებინა ადგილზე – როგორ ხდება ჩაწერა და კონტროლდება ყველაფერი კამერებით და შესაბამისად, როგორ იშლება კამერების ჩანაწერები 24 საათში. რომ არ მოხდა ამის ახსნა, ეს კარგად გამოიყენა მანიპულატორმა, ვანო მერაბიშვილმა. ცხადია, შეკითხვები არის, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი დამტკიცდება“, – აცხადებს მოროშკინა.
შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის ფაქტზე მთავარმა პროკურატურამ გამოძიება ივნისში დაიწყო.
უწყების განმარტებით, ამის საფუძველი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება გახდა.
პროკურატურის პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო ცალკეულ საჯარო მოხელეთა მიერ სამსახურეობრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.
ვანო მერაბიშვილი აცხადებდა, რომ ის საკნიდან მაშინდელი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის დავალებით გაიყვანეს და სხვადასხვა გახმაურებულ საქმეზე ჩვენების მიცემას აიძულებდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები