საქალაქო სასამართლომ დავით ბორჩაშვილს 12 წლით პატიმრობა შეუფარდა

საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ტერორისტული ორგანიზაციის წევრის მიერ ტერორისტული ორგანიზაციის საქმიანობაში მონაწილეობასა და ამ ორგანიზაციის სახელით ოპერაციების განხორციელებაში ბრალდებული დავით ბორჩაშვილი დამნაშავედ სცნო, – ამის შესახებ პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
როგორც განცხადებაშია განმარტებული, ბორჩაშვილი სასამართლოს წინაშე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 327-ე მუხლის მეორე ნაწილით წარსდგა.
“სასამართლოში ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად უტყუარად დადასტურდა, რომ დავით ბორჩაშვილი გაწევრიანებული იყო სირია-ერაყის ტერიტორიაზე მოქმედ ტერორისტულ ორგანიზაცია – „ერაყისა და ლევანტას ისლამურ სახელმწიფოში“. იგი სირიის რესპუბლიკაში შეუერთდა ტერორისტული ორგანიზაციის წევრებს და ტერორისტული ორგანიზაციის სახელით მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა შეიარაღებულ-საბრძოლო მოქმედებაში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით, დავით ბორჩაშვილს სასჯელის სახით 12 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა”, – ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები