დავით ჩაჩიბაია-გერლიანი: თუ ლორთქიფანიძე თვლის, რომ ”კანონიერი ქურდი” უნდა დააკავოს, პირველ რიგში დააკავოს სააკაშვილი

„თუ ლორთქიფანიძე თვლის, რომ ”კანონიერი ქურდი” უნდა დააკავოს, პირველ რიგში დააკავოს სააკაშვილი“, – ამის შესახებ ე.წ. კანონიერმა ქურდმა დავით ჩაჩიბაია-გერლიანმა თბილისის საქალაქო სასამართლოში დღევანდელ პროცესზე განაცხადა.
დავით ჩაჩიბაია-გერლიანი წარდგენილ ბრალდების არცერთ პუნქტში თავს დამნაშავედ არ ცნობს. როგორც გერლიანმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, მის მიმართ განხორციელებულ უკანონობაში ბრალი მიხეილ სააკაშვილს, გია ლორთქიფანიძეს და გივი თარგამაძეს მიუძღვით.
”როდესაც რომელიმე ქვეყნის მოქალაქეს აძევებენ ქვეყნიდან, ადგენენ ან გამოძევების ან დეპორტაციის ოქმს. ჩემი დაკავებისას მქონდა ორი პასპორტი, რომელიც ადასტურებდა, რომ უკრაინის ტერიტორიაზე წინაღობის გარეშე შემეძლო გადაადგილება, თუმცა თავხედურად მომიტაცეს და ჩემთვის აიღეს მხოლოდ ცალმხრივი ბილეთი. ლორთქიფანიძე, თარგამაძე, სააკაშვილი არიან ერთი გუნდის წევრები. მშვიდად გადმოვედი საზღვარზე რადგან ვიცოდი, რომ არ მექნებოდა პრობლემა, მაგრამ რომ ჩამოვედი გავიგე,
ჩამოსვლამდე სამი საათით ადრე უთქვამს თარგამაძეს – ”კანონიერი ქურდი” ჩამოვიდა, რომელსაც არ აკავებენო. ხომ არ გგონიათ რომ ეს არის საბოტაჟი უკრაინის მხრიდან საქართველოს მიმართ არჩევნების წინ? თუ ლორთქიფანიძე თვლის, რომ ”კანონიერი ქურდი” უნდა დააკავოს, პირველ რიგში დააკავოს სააკაშვილი, რომელიც ფართოდ იყენებს კანონს და დანაშაულებრივ ქმედებებს ჩადის”, – განაცხადა გერლიანმა.
შეგახსენებთ, რომ დავით ჩ.-ს ბრალად ედება კანონიერი ქურდობა და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობა. გამოძიების მასალების მიხედვით, დავით ჩ. 2014 წელს აღიარებულ იქნა ე.წ. „კანონიერ ქურდად“. იგი ცნობს და აღიარებს ქურდულ სამყაროს, ეთანხმება მის მიზნებს და თავისი ცხოვრების წესით საჯაროდ გამოხატავს ქურდული სამყაროს მხარდაჭერას. აქტიურად მოქმედებს ქურდული სამყაროს მიზნების განსახორციელებლად, მონაწილეობს ე.წ. „ქურდულ გარჩევებსა“ თუ სპეციალური წესების შემუშავებაში ქურდული სამყაროსათვის სარგებლის მიღების მიზნით. 2016 წლის 22 ივნისს ბრალდებული იმყოფებოდა მარნეულის რაიონის სოფელ ახკერპის მიმდებარე ტერიტორიაზე და სასაზღვრო გამშვები პუნქტის გვერდის ავლით ცდილობდა უკანონოდ გადაეკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, სომხეთის რესპუბლიკის მიმართულებით, რა დროსაც სამართალდამცველებმა იგი დააკავეს. დავით ჩაჩიბაია- გერლიანი დაკავებამდე, უკრაინაში იმყოფებოდა, სადაც მან უკრაინის მოქალაქეობა მიიღო. ამასთანავე, დავით ჩაჩიბაია- გერლიანს საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი პირადობის მოწმობას ფლობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები