ცხინვალის იზოლატორიდან გათავისუფლებული ალექსანდრე შევერდაშვილი ოკუპანტებმა სცემეს
ცხინვალის იზოლატორიდან გათავისუფლებული 41 წლის ალექსანდრე შევერდაშვილი ნაცემია. იგი მკურნალობას გორის საავადმყოფო ”გორმედში” გადის.
როგორც „კვირას“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, ალექსანდრე შევერდაშვილს დაკავების დროს საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, მიმდინარეობს საკითხის დეტალური შესწავლა, რის შემდეგაც აღნიშნულ ფაქტს მოჰყვება შესაბამისი რეაგირება ყველა იმ ფორმატის ფარგლებში, რომელშიც ქართული მხარე მონაწილეობას იღებს.
თავად ალექსანდრე შევერდაშვილი აცხადებს, რომ დაკავებისას საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, თავისი საკუთარი სახლის ბაღში იმყოფებოდა, რა დროსაც ექვსი შეიარაღებული პირი გამოჩნდა, ისინი რუსულ ენაზე საუბრობდნენ.
მისი თქმით, შეიარაღებული პირებს მან წინააღმდეგობა იმის გამო გაუწია, რომ ისინი ალექსანდრე შევერდაშვილის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადაყვანას ცდილობდნენ.
გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის, დავით ონიაშვილის განცხადებით, მომხდარი ფაქტი უმძიმესია და აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას მიაწვდიან.