იზორიას ჯერ არ გადაუწყვეტია, გადაიხედება თუ არა ხიდაშელის ბრძანებულება სავალდებულო გაწვევის შეჩერების შესახებ

თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიას ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება, გადაიხედება თუ არა ყოფილი მინისტრის, თინა ხიდაშელის ბრძანებულება სამხედრო შენაერთებში სავალდებულო გაწვევის შეჩერების შესახებ.
„მქონდა გენშტაბის ხელმძღვანელთან შეხვედრა, სადაც ერთ-ერთი საკითხი სწორედ ეს იყო. არის საკმაოდ რაციონალური არგუმენტები გადაწყვეტილებაში, რომელიც წინამორბედმა მინისტრმა მიიღო, თუმცა მინდა, რომ კონტრარგუმენტებიც მოვისმინო“,- განაცხადა ლევან იზორიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.
მისივე თქმით, ამის შემდეგ მიიღება გადაწყვეტილება, რადგან უწყებაში არ მისულა წინასწარი განზრახვით, რომ რაღაც აუცილებლად უნდა გაუქმდეს.
„რაც რაციონალურია, დასაბუთებულია, ძალაში დარჩება. თუ არსებობს რამე უფრო დასაბუთებული კონტრარგუმენტი, საზოგადოება გაიგებს ამის შესახებ და ადეკვატური იქნება გადაწყვეტილებაც“,-განაცხადა მინისტრმა.
როგორც ცნობილია, ივნისის თვეში, თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც თავდაცვის სამინისტროს შენაერთებში გაწვევა სავალდებულო აღარ იქნება.
“დავდე პირობა, რომ ყველაფერს გავაკეთებდი, რათა 2017 წლიდან ჯარში გაწვევა აღარ არსებობდეს. ბევრი ვეცადეთ საკანონმდებლო თვალსაზრისით ამ პრობლემის მოგვარება, მაგრამ არ გამოვიდა, რომ საერთოდ აგვეკრძალა გაწვევა შეირაღებულ ძალებში. თუმცა, ვიპოვეთ სხვა ფორმა, რომლითაც თავდაცვის მინისტრს შეუძლია, ეს გადაწყვეტილება ცალხმრივად და ერთპიროვნულად მიიღოს,“ -განაცხადა თინა ხიდაშელმა.
მისივე თქმით, თავდაცვის მომდევნო მინისტრებს, შეუძლიათ, ეს ბრძანება გააუქმონ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები