წალკაში მომხდარი მკვლელობისთვის დაკავებულ მოქმედ და ყოფილ დეპუტატებს პატიმრობა შეეფარდათ

წალკის რაიონის სოფელ ნაზდანევში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულ ყოფილ პარლამენტარს, ჰაიკ მელტონიანსა და წალკის რაიონის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეს, სამსონ თამარიანს აღმკვეთ ღონისძიებად ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ.
საქმეს რუსთავის რაიონული სასამართლო განიხილავს. წინასასამართლო პროცესი 22 სექტემბრის 12:00 საათისთვისაა ჩანიშნული.
წალკის რაიონის სოფელ ნაზდევანში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. მომხდარი მკვლელობა ნათესავებს შორის ქონებრივ დავას უკავშირდება. საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, სამსონ თამარიანისა და საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრის, ჰაიკ მელტონიანის ოჯახებს შორის დაპირისპირება მიწის ნაკვეთის გამო დიდი ხნის წინ დაიწყო.
სამსონ თამარიანი მიწის ნაკვეთს მელტონიანების ოჯახს ედავებოდა.
როგორც გამოძიების დეტალებიდან ირკვევა, წალკაში მომხდარ სისხლიან გარჩევას ჰაიკ მელტონიანის 23 წლის ძმისშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა. მომხდარს კი წინ სამსონ თამარიანის მიერ ჩადენილი დანაშაული უძღოდა.
გამოძიების ინფორმაციით, სამსონ თამარიანი ჰაიკ მელტონიანის უმცროს ვაჟს საკუთარი ავტომობილით დაეჯახა და მიატოვა. როდესაც ჰაიკ მელტონიანი და მისი ძმისშვილი ბავშვის წამოსაყვანად წავიდნენ, ამ დროს თამარიანის ვაჟმა მელტონიანების მისამართით ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა, რა დროსაც ჰაიკ მელტონიანის ძმისშვილი შემთხვევის ადგილზე სასიკვდილოდ დაიჭრა და საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ამ შემთხვევის შემდეგ თამარიანის მისამართით მელტონიანმა გაისროლა. შედეგად კი თამარიანის ძმა დაიჭრა. ამ დროისთვის პოლიციას განზრახ მკვლელობის ბრალდებით თამარიანის ვაჟი ჰყავს დაკავებული, ჰაიკ მელტონიანი კი – განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები