გიორგი პაპუაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების განცხადებას პასუხობს

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების ნაწილის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებას საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი პასუხობს.
პაპუაშვილი მიიჩნევს, რომ მოსამართლეების ნაწილის მიერ გავრცელებული განცხადება გაუგებრობამ გამოიწვია.
“ძალიან სამწუხაროა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს 20 წლიანი მოღვაწეობის პერიოდში პირველად მოხდა, რომ შიდა პროცედურის სამართალწარმოების საკითხები, რაც ჩვეულებრივი დისკუსიისა და მსჯელობის საგანია ხოლმე სასამართლოში, გამოვიდა რაღაც სეპარატისტული განცხადების სახით. მე ამას უფრო გაუგებრობას დავარქმევდი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, „რუსთავი 2“-ის საქმე პლენუმმა განიხილა და ახლა მოსამართლეები გადაწყვეტილების მიღებაზე მუშაობენ. რაც შეეხება მეორე საქმეს, ე.წ. „კაბელების საქმეს“, ყველა მოსამართლის გადაწყვეტილებით სხდომები მომავალ კვირას გაგრძელდება.
კითხვაზე, ხომ არ შეუშლის მოსამართლეების მიერ დღეს გავრცელებული განცხადებების მსგავსი განცხადებები სასამართლოს მუშაობას ხელს, პაპუაშვილმა შემდეგნაირად უპასუხა:
“ვფიქრობ, რომ თითოეული მოსამართლის მაღალი პასუხისმგებლობაა, რომ მოღვაწეობდეს ადამიანის უფლებებისათვის, ამიტომ ამასთან დაკავშირებით არ შემიძლია რაიმე სპეკულაციები გავწიო, უბრალოდ ვფიქრობ, რომ გაუგებრობა იყო და ჩვეულებრივ გავაგრძელებთ მუშაობას, ამიტომ დაველოდოთ მოვლენების განვითარებას“, – აღნიშნა გიორგი პაპუაშვილმა.

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების ნაწილმა დღეს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს წერილით მიმართეს, მათ ოთხი მოთხოვნა აქვთ:

1. საქმეების განხილვა/გადაწყვეტის პროცესი მაქსიმალურად მიახლოებული იყოს იყოს რიგითობის და თანმიმდევრობის პრინციპთან.
2. უზრუნველყოფილ იქნეს მოსამართლეებისათვის ნორმალური სამუშაო ვითარების შექმნა, ჩვენი აზრის გაუთვალისწინებლად, ერთპიროვნულად და ფორსირებულად არ ხდებოდეს საკოსტიტუციო სასამართლოს საქმეთა განხილვის განრიგის მართვა/შედგენა.
3. მსგავსად კოლეგიისა, რომელსაც ამ საქმეებზე დასჭირდა რამდენიმეთვიანი ვადა, პლენუმს მიეცეს მსგავსი გონივრული (არანაკლებ იმ დროისა, რაც სწორედ ამ საქმეებზე ჰქონდა კოლეგიას) ვადა საქმეების შესწავლისა და გაანალიზებული გადაწყვეტისათვის და ხელოვნურად არ მოხდეს მისი შეზღუდვა დროში, გადაწყვეტილებების მიღების დაჩქარების კუთხით. (ასე მაგალითად, მაშინ როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს 1-ელ კოლეგიას #679-ე სარჩელზე („რუსთავი 2“-ის სარჩელი) საქმის განხილვას მოანდომა დაახლოებით 7 თვეზე მეტი დრო, ხოლო ამის შემდეგ კი ეს საქმე უკვე გადაეცა საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს, ამ უკანასკნელს ლოგიკურია, რომ ამ საქმის გადაწყვეტისთვის მიეცეს არანაკლებ იმ დროისა, რაც კოლეგიას დასჭირდა და ხელოვნურად არ ხდებოდეს საქმის განხილვის მაქსიმალურად დაჩქარება და შესაბამისად ამისათვის დაძაბული ფონის შექმნა).
4. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის 2016 წლის 21 ივლისის განცხადების შემდეგ (რომელშიც მან ისაუბრა მოსამართლეებზე ზეწოლის ფაქტების ირგვლივ) საჭიროდ მიგვაჩნია ე.წ. პოლიტიკური ნიშნის მატარებელ ყველა საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლო დაელოდოს შესაბამისი ორგანოების მხრიდან ამ საკითხის სრულყოფილად შესწავლას და ამ საქმეების გადაწყვეტა მხოლოდ მას შემდეგ მოხდეს, როცა გადამოწმდება და დასრულდება სათანადო ორგანოების მხრიდან სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებაში მოყვანილი ზეწოლის ფაქტების სინამდვილე, რათა გამოირიცხოს ყოველგვარი ეჭვები მოსამართლეების მიუკერძოებლობასა და ობიექტურობასთან დაკავშირებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები