ხათუნა ლაგაზიძე: ჩვენს პარტიას „აიფიემთან“ შეხება არ ჰქონია

„აიფიემის“ კვლევის შედეგები პოლიტიკური სუბიექტების რეიტინგებთან დაკავშირებით, რომლის დამკვეთად პაატა ბურჭულაძის პარტია „სახელმწიფო ხალხისათვის“ დასახელდა, ამავე პარტიის წარმომადგენლის, ხათუნა ლაგაზიძის განცხადებით, სიმართლეს არ შეეფერება.
„კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ხათუნა ლაგაზიძემ განაცხადა, რომ პაატა ბურჭულაძის პარტია „სახელმწიფო ხალხისათვის“ ლიდერები არ დაინტერესებულან იმ პირების ვინაობის დადგენით, ვინც ერთ-ერთ საინფორმაციო სააგენტოს პაატა ბურჭულაძის პარტიის სახელით „აიფიემის“ კვლევის შედეგები მიაწოდა.
როგორც ცნობილია, სააგენტო „ჯი-ეიჩ-ენ“-ის მეშვეობით „აიფიემის“ კვლევა ივნისის ბოლოს გამოქვეყნდა, რომლის დამკვეთი პაატა ბურჭულაძის პარტია იყო. ამ კვლევის მიხედვით, „ნაციონალური მოძრაობა“ ლიდერობს – 19%-ით, მეორეზეა „ქართული ოცნება“- 18%, თავად პაატა ბურჭულაძის პარტია „სახელმწიფო ხალხისთვის“ კი – 12%.
„არსად წამიკითხავს, რომ ეს „აიფიემის“ კვლევები იყო. თუკი მისი იყო, მაშინ მას უნდა დაუკავშირდნენ. „აიფიემი“ ზოგადად არის კვლევების ორგანიზაცია და ძალიან ბევრი დამკვეთისთვის ატარებს კვლევებს. ჩვენს პარტიას „აიფიემთან“ შეხება არ ჰქონია.
როგორც ყველა პოლიტიკური სუბიექტი, ჩვენც ვატარებთ შიდაპარტიულ კვლევებს, რადგან გვაინტერესებს ჩვენ მიმართ განწყობების გრადაცია მოსახლეობაში, მაგრამ ჩვენ მიერ ჩატარებული კვლევები ჩვენთან ინახება. არასდროს დაგვისვამს შეკითხვები „ჯი-ეიჩ -ენ“-თან დაკავშირებით, მაგრამ ჩვენი სახელით ვინ მიაწოდა ამ საინფორმაციო სააგენტოს ეს კვლევის შედეგები, ჩვენს პრეროგატივას სცდება. სააგენტოს სრული უფლება აქვს, გამოაქვეყნოს ინფორმაცია, მაგრამ სასურველი იქნებოდა, ჩვენთვის ეკითხათ, იყო თუ არა ეს ჩვენ მიერ შეკვეთილი კვლევა. ჩვენი სახლით გავრცელებული ინფორმაციის მიუხედავად, ეს არ ნიშნავს, რომ ეს კვლევა ჩვენი დაკვეთით, ან ჩვენ მიერ არის ჩატარებული“, – განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები