ხათუნა ლაგაზიძე: პაატა ბურჭულაძის პარტიას ფონდ „იავნანასთან“ არანაირი კავშირი არა აქვს

პაატა ბურჭულაძის პარტიას „სახელმწიფო ხალხისთვის“ არანაირი კავშირი არა აქვს საქველმოქმედო ფონდ „იავნანასთან.“ ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე პაატა ბურჭულაძის პოლიტიკური პარტია „სახელმწიფო ხალხისთვის“ წარმომადგენელმა ხათუნა ლაგაზიძემ განაცხადა.
მისი განმარტებით, პარტიის არცერთ წევრს არანაირი შეხება არა აქვს საქველმოქმედო ფონდ „იავნანას“ საქმიანობასთან და, შესაბამისად, პოლიტიკური პარტიის ვერცერთი წარმომადგენელი იმ შეკითხვების ადრესატი ვერ გახდება, რომელიც წლების განმავლობაში „იავნანას“ საქმიანობას უკავშირდება.
„პოლიტიკურ პარტიას „იავნანასთან“ არანაირი კავშირი არა აქვს. კითხვების ადრესატი, რომელიც „იავნანას“ საქმიანობას ეხება, პაატა ბურჭულაძის პარტიის ვერცერთი წევრი ვერ იქნება“, – განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ დასმული შეკითხვის საპასუხოდ, რომელიც ფონდი „იავნანას“ ფინანსური საქმიანობასთან დაკავშირებით გაჩენილ კითხვებს უკავშირდება.
როგორც ცნობილია, ბოლო დროს, მედიაში საქველმოქმედო ფონდ „იავნანას“ მიერ ფინანსური დოკუმენტების დაფარვაზე ინფორმაცია რამდენჯერმე გაჟღერდა. კერძოდ, ფონდი „იავნანა“ მისი დამფუძნებლების, ან ვინმე კონკრეტული ადამიანის ფინანსურ სახსრებს არ ახმარს ქველმოქმედებას.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პაატა ბურჭულაძის ფონდის ფინანსური დოკუმენტაცია, კანონის მოთხოვნების მიუხედავად, დაფარულია. ეს იმ პირობებში, როდესაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის მოთხოვნაა, რომ ყოველი წლის საქმიანობის პროგრამული ანგარიში და ფინანსური დოკუმენტები იყოს საჯარო, ხელმისაწვდომი ყველა დაინტერესებული პირისათვის. მათ შორის დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ დადასტურებული ბოლო წლის ფინანსური დოკუმენტები.
ზოგადად, საქველმოქმედო ორგანიზიციებისადმი სახელმწიფოს, კანონმდებლობის მიდგომა სხვა ორგანიზაციებისგან განსხვავებულია. ისინი სხვა ტიპის რეგულაციებს ექვემდებარებიან, კომერციული ორგანიზაციისგან განსხვავებით არ იხდიან მთელ რიგ გადასახადებს და განსაკუთრებული შეღავათებით სარგებლობენ. ამიტომ მათ მიმართ გამჭვირვალობის, საჯაროობის მაღალი სტანდარტებია დაწესებული, როგორც საზოგადოების მხრიდან, ასევე კანონმდებლობის დონეზე. ეს არის სახელმწიფოს მხრიდან დაწესებული პრევენცია, რათა საქველმოქმედო ორგანიზაციის სახელით არ მოხდეს კომერციული ინტერესების გატარება, გადასახადებისთვის თავის არიდება, შემომწირველთა თანხების მითვისება და სხვა ტიპის მაქინაციები.
სწორედ ამიტომ საქველმოქმედო ორგანიზაცია ვალდებულია, აქტიურად გაასაჯაროოს ინფორმაცია ფინანსური ბრუნვის შესახებ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები