ამბასადორიალის მონაწილეებს საპატიო სტუმრის სტატუსით უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მიმართავს

თბილისში საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეკრება – “ამბასადორიალი 2016” მიმდინარეობს. ღონისძიების ფარგლებში დღეს ამბასადორიალის მონაწილეებს საპატიო სტუმრის სტატუსით უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი პიტერ სიიარტო მიმართავს.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამბასადორიალი სამუშო თემატური სესიებით გაგრძელდება, სადაც განხილული იქნება საქართველოს დემოკრატიული განვითარების, ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის, კულტურული და ეკონომიკური დიპლომატიის საკითხები. ამბასადორიალის მონაწილეებთან თემატური სესიის ფარგლებში შეხვედრებს გამართავენ საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები.
ამბასადორიალის მონაწილეები ეწვევიან საქართველოს ტექნოლოგიურ პარკს, სადაც გაიმართება ეკონომიკური დიპლომატიის საკითხებზე სამუშაო სესია. ელჩებისთვის გაიმართება პრეზენტაცია საქართველოში თანამედროვე ტექნოლოგიების დამკვიდრების, ინოვაციებისა და სტარტაპების ეკოსისტემის შესახებ. ასევე, აღსანიშნავია, რომ წელს პირველად “ამბასადორიალი 2016”-ის ფარგლებში საქართველოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელები შეხვედრას გამართავენ ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან.
“ამბასადორიალი 2016” 26 ივლისს გაიხსნა და 29 ივლისამდე გასტანს. ღონისძიების გახსნის ცერემონიაზე მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა. ​

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები