გიორგი აბაშიშვილი: ზეწოლის რისკებს, რა ტენდენციაც ქვეყანაში ბოლო პერიოდში შეინიშნება, ბოლო უნდა მოეღოს

„ზეწოლის რისკებს, რა ტენდენციაც ქვეყანაში ბოლო პერიოდში შეინიშნება, ბოლო უნდა მოეღოს“ – ამის შესახებ ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში ქვეყნის პირველი პირისა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მიერ გაკეთებულ განცხადებებზე კომენტირებისას აღნიშნა.

მისივე თქმით, უნდა გაირკვეს ვინ, როგორ, რა ფორმით და ვისზე ახორციელებდა ზეწოლას.

„პრეზიდენტს საგანგებო განცხადების გაკეთება დასჭირდა არა იმიტომ, რომ მისი ოჯახის წევრის დაცულობაზე, ან სხვა რაიმე ტიპის პრივილეგიის მოთხოვნაზე ეფიქრა, არამედ სამართალდამცველებისთვის მოეწოდებინა, რომ მათ უნდა შეასრულონ კანონმდებლობით ნაკისრი ვალდებულებებები და აბსოლუტურად ყველა ტიპის რისკი, რომელიც დაკავშირებულია ზეწოლის ფაქტთან, იყოს მოხსნილი.

როგორც ითქვა კიდეც, პრეზიდენტმა მისი ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებულ ზეწოლასთან დაკავშირებით დაახლოებით ორი კვირის წინ საქმის კურსში ჩააყენა პრემიერი და შინაგან საქმეთა მინისტრი, ოღონდ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, საქმის კურსში ჩააყენა არა იმიტომ, რომ მოეთხოვა მისი ოჯახის წევრის რაიმე ტიპის დაცულობა და კონკრეტულად ამ ფაქტთან დაკავშირებით პრივილეგიები, მათ შორის გამოძიება და ა.შ. არამედ საქმის კურსში ჩააყენა იმ ნაწილში, რომ მის ზურგს უკან, მასთან შეუთანხმებლად მოქმედებენ გარკვეული ჯგუფები, რომლებიც რიგ უკანონო ქმედებას ახორციელებენ. პრემიერმა ამ ფაქტის შესახებ არაფერი იცოდა. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ პრემიერის ზურგს უკან ხდება ეს მოქმედებები. ამიტომ, ბუნებრივია, პრეზიდენტის მოწოდება იყო სწორედ ის, რომ სტრუქტურებმა, ვისაც ხელეწიფება, შეასრულოს კანონმდებლობით ნაკისრი ვალდებულებები. კანონის წინაშე ყველა თანასწორია – იქნება ეს პრეზიდენტის ოჯახის წევრი თუ სხვა, ნებისმიერი მოქალაქე, მაგრამ როცა არის ზეწოლის, შანტაჟის რისკები და ეს ხდება უკანონო ფორმებით, ბუნებრივია, ამას ბოლო უნდა მოეღოს. უნდა გაირკვეს, ვინ, როგორ, რა ფორმით, ვისზე ახორციელებდა ზეწოლას და რატომ არ არიან ამის შესახებ საქმის კურსში უმაღლესი თანამდებობის პირები“, – განაცხადა აბაშიშვილმა.

მანვე, პრეზიდენტის ოჯახის წევრის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის მიზეზებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაკეთებული განმარტებაც შეაფასა და მას „საბჭოთა სტილის განცხადება“ უწოდა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს პასუხი იყო საბჭოთა სტილში, სადაც აქცენტი არა იმდენად გამახვილებული იყო აღნიშნული ფაქტის სიღრმისეულ ანალიზსა და კვლევაზე, არამედ ცალკეულ დეტალებზე და გამოყენებული იყო ისეთი ფრაზები, როგორიცაა „არარეგისტრირებული ქორწინება“ და ა.შ. უმჯობესია, საბჭოთა სტილის განცხადებების წერის ნაცვლად, სტრუქტურებმა, რომლებსაც მოეთხოვება ქვეყანაში კანონის დაცვა, სტრუქტურებმა, რომლებსაც მოეთხოვება ქვეყანაში თითოეული მოქალაქის დაცვა, იფიქროს ამ საკითხებზე“, – აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.

აბაშიშვილმა პოლიტიკოსთა ნაწილი „არაადეკვატურ რეაგირებაში“, სამართალდამცავი უწყებები კი „წარმატებით იგნორირებაში“ დაადანაშაულა.

„რატომ გახდა პრეზიდენტის ბრიფინგი საჭირო? – იმიტომ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებას მოჰყვა სრულიად არაადეკვატური რეაქცია პოლიტიკოსების მხრიდან. ისინი საუბრობდნენ, რომ არ ყოფილა ზეწოლა მოსამართლეებზე. ეს განცხადებიდან ერთ საათში საიდან იცოდნენ? როგორ შეიძლება ასეთი ნაადრევი შეფასებები ისეთი მნიშვნელოვანი ინსტიტუტის ხელმძღვანელის განცხადებაზე, როგორიც საკონსტიტუციო სასამართლოა?“, – აღნიშნა აბაშიშვილმა და დასძინა, რომ კვლავ რჩება რისკი, საგამოძიებო უწყებების მხრიდან გიორგი პაპუაშვილის განცხადების ისეთივე „წარმატებით იგნორირება“ მოხდეს, როგორც ეს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მიერ რამდენიმე თვის წინ გაჟღერებული ანალოგიური ტიპის ინფორმაციის შემთხვევაში მოხდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი მიიჩნევს, რომ საჭიროა გამოძიება იმ ფაქტების, რომლებიც დასახელდა, რის შემდეგაც „კონკრეტული ჯგუფები ავტომატურად გამოვლენ სააშკარაოზე. თუ უმაღლესი თანამდებობის პირების მიერ დასახელებლი ფაქტები იქნება გამოძიებული, ამ ჯგუფებზე გავალთ“, – დასძინა აბაშიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები