გიორგი კვირიკაშვილი: ვიზალიბერალიზაციის პროცესი გადამწყვეტ ფაზაშია შესული
პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ვიზალიბერალიზაციის საკითხი გადამწყვეტ ფაზაშია შესული და, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში იქნება მიღებული.
ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა „ამბასადორიალი-2016“-ის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ყველა შესაძლებლობა უნდა იქნას გამოყენებული, რათა აღნიშნული საკითხი უმოკლეს ვადებში გადაწყდეს.
„ევროკავშირსა და საქართველოს შორის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესი უკვე არის ჩვენი პოლიტიკური განვითარების, მრავალი წარმატებული რეფორმისა და ზოგადად ქვეყნის ევროპული გზის დასტური. ეს პროცესი გადამწყვეტ ფაზაშია შესული და ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეების უვიზოდ მოგზაურობაზე გადაწყვეტილება უბრალოდ დროის საკითხია და ის უახლოეს მომავალში იქნება მიღებული. აქ საუბარი არ არის უბრალოდ უვიზო რეჟიმზე, ეს გადაწყვეტილება იქნება ერთგვარი გარდატეხა საქართველოს ევროპულ ოჯახში დაბრუნების პროცესში. ამიტომ ყველა შესაძლებლობა უნდა იქნას გამოყენებული, რათა აღნიშნული საკითხი უმოკლეს ვადებში გადაწყდეს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ის მხარდაჭერა და დაპირებები, რომლებიც ნატოს ვარშავის სამიტზე მიიღო ქვეყანამ, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ჩრდილოატლანტიკურ ბლოკსა და საქართველოს შორის არსებულ, სიღრმითა და მასშტაბით უნიკალურ პარტნიორობას, პროგრესს ინტეგრაციის გზაზე და საქართველოს წევრობის გარდაუვალობას.
„ალიანსი განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას ნატოში ინტეგრაციის გზაზე, ხელს უწყობს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას და ზრდის ძალისხმევას შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების მიმართულებით. ეს იმას ნიშნავს, რომ იხსნება ახალი შესაძლებლობები, ჩვენი ქვეყანა ჩამოყალიბდეს უსაფრთხოების უფრო ფართო რეგიონის ნაწილად – რეგიონისა, რომლის სახელმწიფოთა ნაწილიც ნატოსა და ევროკავშირის წევრები არიან.
თავის მხრივ, საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საერთაშორისო უსაფრთხოებასა და სტაბილურობის განმტკიცების საქმეში. როგორც საერთაშორისო თანამეგობრობის პასუხისმგებლიანი წევრი, ქვეყანა განაგრძობს ნატოსა და ევროკავშირის ეგიდით წარმოებულ ოპერაციებში მონაწილეობას. ნატოს „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ ავღანეთში სამხედრო კონტინგენტის მოცულობით, კვლავ ვრჩებით პირველი, ალიანსის არაწევრ სახელმწიფოთა შორის. ეს არის ნათელი დასტური იმისა, რომ საქართველოს შესწევს უნარი, იყოს მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი გლობალურ უსაფრთხოებაში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.