ლევან ვარშალომიძემ აუდიტის სახელმწიფო სამსახური დატოვა

მთავარი კითხვა იყო ის, თუ საიდან მოხდებოდა პროექტ „სოციალური სახლის“ დაფინანსება, – ამის შესახებ აჭარის მთავრობის ყოფილმა მეთაურმა, აჭარაში „ნაციონალური მოძრაობის“ სიის პირველმა ნომერმა, ლევან ვარშალომიძემ აუდიტის სახელმწიფო სამსახურიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.
ვარშალომიძე ამბობს, რომ მის დაპირებაში არანაირი სამართლებრივი დარღვევა არ არის. მისივე თქმით, აუდიტის სამსახურში წარადგინა მისი პროგრამა და ყველა საბუთი, თუ საიდან გეგმავს აღნიშნული პროექტის განხორციელებას.
„ადრეც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, რომ ეს პროექტი განხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან და ასევე მოვიზიდავთ თანხებს საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებიდან. ვპირდები აჭარის მოსახლეობას, რა შედეგიც არ უნდა დადგეს, როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, ჩვენ აუცილებლად ავაშენებთ სოციალურ სახლებს“, – აღნიშნა ვარშალომიძემ.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის უფროსის, ზურაბ აზნაურაშვილის განცხადებით, 18 ივლისს გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ გავრცელდა და რომელიც ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის ფაქტებს შეეხებოდა, მოხდა ლევან ვარშალომიძის დაბარება დამატებითი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის წარმოდგენის მიზნით.
„შევისწავლით მის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას. ასევე საჭირო იქნება დამატებითი პირების გამოკითხვა. ამ პროცედურების გავლის შემდგომ გვექნება საშუალება, შეფასდეს, არსებობს თუ არა კანონმდებლობის დარღვევა“, – განაცხადა აზნაურაშვილმა.
ცნობისთვის, საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მოუწოდა, დაინტერესდეს ლევან ვარშალომიძის წინასაარჩევნო დაპირებებით, რომელიც, ორგანიზაციის აზრით, შესაძლოა, შეიცავდეს საარჩევნო კოდექსით აკრძალულ ამომრჩეველთა მოსყიდვის ნიშნებს. საქმე ეხება „სოციალური სახლების პროგრამას“, რომელსაც ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ახორციელებს ქალაქ ბათუმში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები