გია ვოლსკი თამაზ მეჭიაურის განცხადებას „როყიოს“ და „ჰაერზე გაკეთებულს“ უწოდებს
საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერი გია ვოლსკი მოითხოვს, თამაზ მეჭიაურმა დააკონკრეტოს, თუ ვის გულისხმობს „ქართული ოცნების“ იმ წევრებს შორის, ვისაც რუსეთში „გახურებული ბიზნესი“ აქვს.
„თამაზ მეჭიაურმა უკეთესია დაასახელოს, თუ ვის გულისხმობს, როცა ამბობს, რომ გახურებული ბიზნესი აქვს მოსკოვში. ამის მერე უფრო საინტერესო გახდება მისი განცხადება. ასეთი როყიო, ჰაერზე გაკეთებული განცხადებები, როგორც ჩანს, არ მოხსნილა ჩვენი პოლიტიკური დღის წესრიგიდან. ეს წინასაარჩევნო ინსინუაციებია და არ მეგონა, თუ თამაზ მეჭიაურსაც ახასიათებდა ასეთი განცხადებები, რასაც საფუძველი არ გააჩნია“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
გია ვოლკსიმ აღნიშნული შეფასება პარტია „თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის“ ლიდერი მიერ „კვირას“პრესკლუბში დღეს გაკეთებული განცხადების საპასუხოდ გამოთქვა.
თამაზ მეჭიაურმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის ბევრ კანდიდატს გაუჭირდება, ამომრჩეველს ნატოსადმი თავისი ერთგულება დაუმტკიცო, რადგან ბევრ მათგანს რუსეთში გახურებული ბიზნესი აქვს.
„ბევრ მათგანს რუსეთში აქვს გახურებული ბიზნესი და, მგონი, დასავლეთში, ნატოს წევრ ქვეყნებში ნამყოფიც არ არის. როცა ვკითხავ, რა აქვთ საერთო რებრენდირებულ „ქართულ ოცნებასთან“, ასევე“ ნაციონალურ-რესპუბლიკურ პარტიასთან“, საინტერესოა, რას მიპასუხებენ? ახალი სიმბიოზი შეიქმნა ახალი სახეებით, რომლებსაც დაემატათ პოსტსაბჭოთა სახეები, ანუ ჩემნაირი ტიპაჟები. როგორ უნდა შეაჯვარონ ეს ყველაფერი, მათი პრობლემაა“, – განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.