თამაზ მეჭიაური: უნდა გავიგოთ, რას ითხოვს რუსეთი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის სანაცვლოდ

მოსკოვიდან დაბრუნებული პარტია „თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის“ ლიდერი თამაზ მეჭიაური რუსეთ-საქართველოს მომავალ ურთიერთობას პრიორიტეტულ საკითხად მიიჩნევს, იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყნის ტერიტორიული პრობლემის მოგვარების გასაღები სწორედ რუსეთში დევს. ამის შესახებ თამაზ მეჭიაურმა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც მან მოსკოვში ნახევრად ოფიციალური ვიზიტის შედეგებზე ისაუბრა.
თამაზ მეჭიაურის თქმით, იგი მოსკოვში რუსეთის დუმის ზედა პალატის დეპუტატის, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრის, იგორ მოროზვისა და სხვა პირების მიწვევით იმყოფებოდა.
„ისინი მიიჩნევენ, რომ მომავალ პარლამენტში ვიქნებით წარმოდგენილნი და მათ ჩვენთან ურთიერთობა მოუწევთ. აქედან გამომდინარე, აინტერესებთ ჩვენი ხედვა, რა პერსპექტივები აქვს რუსულ-ქართულ ურთიერთობებს. მე ჩემი ხედვა ჩამოყალიბებული მაქვს და კოალიციიდან გასვლის მიზეზიც ეს იყო, რომ ვერ ვეთანხმები ხელისუფლების საგარეო კურსს, მას შემდეგ, რაც ამ კურსმა სრული კრახი განიცადა. ჩვენ უნდა ვიყოთ ჩვენი ქვეყნის ინტერესების დამცველი და ყველა ქმედება ამ მიზნიდან უნდა ამოდიოდეს. ამ ინტერესში კი, უპირველესად, ტერიტორიული მთლიანობის პრობლემის გადაწყვეტა, სარწმუნოებისა და ტრადიციების შენარჩუნება მდგომარეობს“, – განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.
მისი თქმით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა შეუძლებელია რუსეთის გარეშე, ამიტომ პრიორიტეტულად მიაჩნია, რომ პირველ რიგში, მოლაპარაკებები უნდა გაიმართოს რუსეთთან.
„მიმაჩნია, რომ საქართველოს ტერიტორიული პრობლემის გადაწყვეტის გასაღები რუსეთი დევს. ამიტომ უნდა ვისაუბროთ რუსეთთან და გავიგოთ ამ პრობლემის გადაწყვეტის სანაცვლოდ რა უნდათ. უარი არ უნდა ვთქვათ არც ამერიკაზე, არც სხვა ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებაზე, მაგრამ ყველაფერი შედარებით მეორეხარისხოვანია რუსეთთან შედარებით. მე პრორუსულობას ვერავინ დამწამებს, მე ვარ პროქართველი, მე ვილაპარაკებ ყველასთან, ვისთან საუბარიც ჩემი ქვეყნის ინტერესებისთვის მომგებიანი იქნება“,- განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.
მისივე თქმით, ოფიციალური შეხვედრების გარდა, მან პარტიის სახელით არაფორმალური შეხვედრებიც გამართა, სადაც ყველა აქტუალურ და საჭირო საკითხზე ისაუბრა, თუმცა მისი პარტიის საარჩევნო დაფინანსებაზე საუბარი არსად ყოფილა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები