გიორგი კვირიკაშვილი: დარწმუნებული ვარ, „ქართული ოცნების“ სამეგრელოს რეგიონის შვიდივე მაჟორიტარობის კანდიდატი დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს

 დარწმუნებული ვარ, „ქართული ოცნების“ სამეგრელოს რეგიონის შვიდივე მაჟორიტარობის კანდიდატი დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს, – ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმამ ზუგდიდში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, თითოეულ მათგანს რეგიონში არსებული პრობლემების ძალიან კარგი აღქმა და ხედვა აქვს.
„ეს ხედვა, რა თქმა უნდა, ერთობლივია. სამეგრელოს აქვს უდიდესი პერსპექტივა და შესაძლოა, გახდეს ძალიან ბევრი კუთხით ლოკომოტივი ქართული ეკონომიკის განვითარების. მარტო ანაკლიის პროექტი იქნება ის პროექტი, რომელიც ათასობით სამუშაო ადგილს გააჩენს. რამდენიმე ათასი ჰექტარი თავისუფალი ეკონომიკური ზონა, თვითონ პორტი, საქართველოში სატრანზიტო პოტენციალს თვისობრივად ახალ დონეზე აიყვანს“,-აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, გარდა ამისა, არსებობს საწარმოო, სასოფლო-სამეურნეო და უპირველეს ყოვლისა, კულტურული პოტენციალი.
სამეგრელო გახლავთ უმდიდრესი ამ კუთხით და ჩვენი ვალია, განსაკუთრებული ყურადღება გამოვიჩინოთ. ამიტომ, ჩვენ წარვადგინეთ ზუსტად ის კანდიდატები, რომლებსაც ყველაფერ ამის თაობაზე აქვთ ჩამოყალიბებული, მკაფიო ხედვა და სამოქმედო გეგმა. ისინი იქნებიან გამომხატველები მეგრელების ხმის საქართველოს უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოში-პარლამენტში. დარწმუნებული ვარ, შვიდივე მათგანი დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს“,-განაცხადა პარტიის თავმჯდომარემ.
„ქართულ ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს“ ქალაქ ზუგდიდში წარმოადგენს მერაბ ქვარაია, ზუგდიდის რაიონში ედიშერ თოლორაია, წალენჯიხასა და ჩხოროწყუში გოგა გულორდავა, ხობში გოდერძი ბუკია, სენაკში ირაკლი ბერაია, მარტვილსა და აბაშაში ოთარ დანელია, ფოთში კი ირაკლი ხახუბია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები