ფედერიკა მოგერინი თურქეთის პრეზიდენტს მოუწოდებს – “ანკარამ უნდა შეინარჩუნოს კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები”

საგარეო პოლიტიკასა და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესმა კომისერმა ფედერიკა მოგერინიმ განაცხადა, რომ საგანგებო მდგომარეობა თურქეთის ხელისუფლებას ქვეყნის მართვის ფართო უფლებამოსილებას ანიჭებს.
როგორც გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ანკარამ უნდა შეინარჩუნოს კანონის უზენაესობა, ასევე დაიცვას ადამიანის უფლებები და ძირითადი თავისუფლებები.
ამავე განცხადების მიხედვით, ევროკომისრები ფედერიკა მოგერინი და იოჰანეს ჰანი პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს მოუწოდებენ, არ დაივიწყოს კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და სამოქალაქო თავისუფლებები. ისინი ასევე აღნიშნავენ, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მოქმედების შეჩერება შესაძლებელია მხოლოდ არსებული წესების შესაბამისად.
20 ივლისს თურქეთის ხელისუფლებამ ქვეყანაში სამდღიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ვიცე-პრემიერმა ნუმან კურტულმუშმა კი განაცხადა, რომ საგანგებო მდგომარეობის დროს ქვეყანაში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მოქმედება შეჩერებული იქნება.
საგანგებო მდგომარეობა პრეზიდენტსა და მთავრობას აძლევს უფლებას, მიიღონ კანონები პარლამენტთან კონსულტაციის გარეშე, საკონსტიტუციო სასამართლოს კი ამ კანონების გადახედვის უფლება არ ექნება. მთავრობას ასევე შეუძლია შეზღუდოს სიტყვისა და შეკრების თავისუფლება, სამართალდამცველებს კი ეჭვმიტანილების დაპატიმრება გაუმარტივდება.
თურქეთის მთავრობა ამტკიცებს, რომ საგანგებო მდგომარეობა რიგითი მოქალაქეების ცხოვრებაზე არ იასახება და მიმართულია მხოლოდ სამხედრო ამბოხის მონაწილეების წინააღმდეგ.
რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, საგანგებო მდგომარეობა თურქეთის დემოკრატიას განამტკიცებს. თურქეთის ვიცე-პრემიერი კი აღნიშნავს, რომ ანალოგიურ ზომებს საფრანგეთმაც მიმართა პარიზში 2015 წლის ნოემბერში განხორციელებული ტერაქტების შემდეგ.
16 ივლისს სამხედრო გადატრიალების მცდელობას თურქეთში 200-ზე მეტი ადამიანის დაღუპვა მოჰყვა. თურქეთის ხელისუფლების განცხადებით, მოკლულია 24 ამბოხებული, თუმცა თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციით, დაიღუპა ამბოხის 104 მონაწილე.
სამხედრო გადატრიალების მცდელობის ჩახშობის შემდეგ თურქეთში ათასობით სამხედრო, მათ შორის 100-ზე მეტი გენერალი და ადმირალი დააკავეს. დააკავეს 100-ზე მეტი მოსამართლე. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში დაკავებულია, ან სამსახურიდან გათავისუფლებულია 50 ათასზე მეტი საჯარო მოხელე. დაიხურა 600 სკოლა. მეცნიერებსა და პედაგოგებს ქვეყნის დატოვება აუკრძალეს.
ანკარა ამბოხის ორგანიზატორად აშშ-ში მცხოვრებ მუსულმან ღვთისმსახურს ფეთჰულაჰ გიულენს მიიჩნევს. თავად გიულენი ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები