მარგველაშვილის აზრით, პრორუსული ორიენტაციის ძალებს არჩევნებში გამარჯვების არანაირი შანსი არ აქვთ

პლურალიზმისთვის სასარგებლოა, რომ არჩევნები ჩატარდეს სამართლიანად და არცერთი მანდატი არ დაიკარგოს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა „რუსთავი 2“-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
როგორც მარგველაშვილმა აღნიშნა, თუ ადამიანები ფიქრობენ, რომ საქართველოს გეოპოლიტიკური კურსი უნდა იყოს სხვანაირი (პრორუსული) და ასეთ ადამიანებს უნდა ჰყავდეთ წარმომადგენელი პარლამენტში, ეს დემოკრატიაა.
„თუ არსებობენ ადამიანები, ვისაც მიაჩნიათ, რომ საქართველოს გეოპოლიტიკური კურსი უნდა იყოს სხვანაირი და ასეთ ადამიანებს უნდა ჰყავდეთ წარმომადგენელი პარლამენტში, ეს არის აქსიომა, ეს არის დემოკრატია – სხვა ადამიანის შეხედულებების აღიარება და მიღება. ეს ძალიან რთულია. მე ძალიან ხშირად მესმის ხოლმე პროდასავლური ღირებულებების მქონე ადამიანებისგან თქვენ უნდა მიიღოთ განსხვავებული აზრი, თქვენ პატივი უნდა სცეთ განსახვავებულ აზრს, მაგრამ როდესაც ლაპარაკია რუსეთზე, რუსული მუსიკის მოსმენაზე, იქ უცებ თავის თავს აძლევენ უფლებას, რომ ეს აკრძალონ. ეს ჩემთვის მიუღებელია.
თუ ვინმეს მიაჩნია, რომ ასეთია საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი, ან მიაჩნია უფრო რუსეთისკენ, ან მიაჩნია უფრო აღმოსავლეთისკენ, ისინი არიან საქართველოს მოქალაქეები და მათ ამის გაკეთების უფლება აქვთ. სხვა საკითხია ვიქნები თუ არა მე როგორც პოლიტიკოსი დამარცხებული, თუ ასეთი ადამიანები მოვლენ ხელისუფლებაში“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.
მარგველაშვილს მიაჩნია, რომ პრორუსული ორიენტაციის ძალები არჩევნებში ვერ გაიმარჯვებენ.
„მე გესაუბრებით ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციიდან გამომდინარე. ჩემი აზრით, არანაირი შანსი არ არსებობს, მაგრამ რომ ჰყავდეთ წარმომადგენლობა პარლამენტში, კი ამის შანსი არის. მე ამის წინააღმდეგ არ წავალ. თუ ქართველებს მიაჩნიათ, რომ ეს არის მათი პოლიტიკური გზა, მე ვინ მომცა უფლება, ან რომელიმე პოლიტიკოსს ან რომელი თავხედი ადამიანი უნდა იყოს, რომ ერის ნების წინააღმდეგ წავიდეს. აქედან გამომდინარე, ჩემი საქმე მდგომარეობს იმაში, რომ არა ვიღაცას ავუკრძალო ასე ფიქრი, არამედ იმაში, რომ ვინც ორჭოფობს ის დავაჯერო, ეს არის კატასტროფული გზა“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები