საქართველოსა და თურქეთის მთავრობები მაღალი დონის სტრატეგიული საბჭოს ჩამოყალიბებაზე შეთანხმდნენ

საქართველოსა და თურქეთის მთავრობები მაღალი დონის სტრატეგიული საბჭოს ჩამოყალიბებაზე შეთანხმდნენ – შესაბამის დოკუმენტს ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ბინალი ილდირიმმა მოაწერეს. ხელმოწერის ცერემონია ანკარაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოსა და თურქეთის მთავრობა თანამშრომლობას აღრმავებს ინვესტიციების ურთიერთწახალისებისა და დაცვის მიმართულებით.
“საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ინვესტიციების ურთიერთწახალისებისა და დაცვის შესახებ“ ახალი შეთანხმება, რომელსაც საქართველოს მხრიდან ხელი მოაწერა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, ხელს შეუწყობს ორივე ქვეყნის ინვესტორებს ინვესტიციების განხორციელებაში, ასევე სამეწარმეო ინიციატივების სტიმულირებას, შეთანხმების მონაწილე მხარეთა ეკონომიკურ განვითარებას და ეკონომიკური რესურსების ეფექტურ გამოყენებას.
სარკინიგზო ტრანსპორტის მეშვეობით სატვირთო გადაზიდვების და სამგზავრო გადაყვანების განვითარების მიზნით, ხელი მოეწერა „თურქეთის რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის სარკინიგზო გადაზიდვისა და მგზავრთა გადაყვანის შესახებ ჩარჩო შეთანხმების“ პროექტს.
ორი ქვეყნის მთავრობებს შეთანხმდნენ შრომის, სოციალური დაცვისა და დასაქმების სფეროებში თანამშრომლობაზე. შეთანხმებას ხელი საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მოაწერა. დღესვე თურქეთის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს შორის, სასჯელაღსრულების სფეროში თანამშრომლობის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილმა მოაწერა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები