„საქართველო-თურქეთის ურთიერთობების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კომპონენტს აქტიური სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები წარმოადგენს“

მჭიდრო პოლიტიკური თანამშრომლობის პარალელურად, საქართველო-თურქეთის ურთიერთობების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კომპონენტს აქტიური სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები წარმოადგენს,- განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ანკარაში გამართულ საქართველო-თურქეთის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს პირველი შეხვედრაზე.
პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გასააქტიურებლად, მნიშვნელოვნია ბაზრებზე მეტი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების დაბალანსება, რათა კიდევ უფრო გაიზარდოს საქართველოს ექსპორტი თურქულ ბაზარზე.
პრემიერ-მინისტრის განმარტებით, ბიზნესწრეების საქმიანობის ხელშეწყობა თანამშრომლობის კიდევ ერთ მნიშვნელოვან განზომილებას წარმოადგენს. ამ თვალსაზრისით, საქართველო არაერთ შესაძლებლობას სთავაზობს საქმიან წრეებს, განსაკუთრებით, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების/ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის გათვალისწინებით.
სხდომაზე ისაუბრეს ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის შესახებაც.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენისა და ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენის პროექტების მნიშვნელობა.
ითქვა, რომ სამხრეთის ენერგეტიკული დერეფნის პროექტების რეალიზაცია, ხელს შეუწყობს ქვეყნების ენერგოუსაფრთხოების განმტკიცებას და უზრუნველყოფს ენერგომატარებლების დამატებითი მოცულობების მიწოდებას კასპიის ზღვის რეგიონიდან ევროპის ბაზარზე. საქართველო-თურქეთის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს პირველ შეხვედრას ორი ქვეყნის მინისტრთა კაბინეტის წევრები დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები