„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ ლევან ვარშალომიძის საარჩევნო კამპანიაში ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებს ხედავს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მოუწოდებს, დაინტერესდეს ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის ლევან ვარშალომიძის წინასაარჩევნო დაპირებებით. ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ ლევან ვარშალომიძის ქმედება შესაძლოა, შეიცავდეს საარჩევნო კოდექსით აკრძალულ ამომრჩეველთა მოსყიდვის ნიშნებს.
”18 ივლისს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოსათვის” ცნობილი გახდა, რომ პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ქალაქ ბათუმში „სოციალური სახლების პროგრამას“ ახორციელებს, რომლის ფარგლებში პარტიის ერთ-ერთი წევრი, ლევან ვარშალომიძე, ინდივიდუალურ ხელშეკრულებებს აფორმებს მეჯინისწყლის დასახლებაში მცხოვრებ მოქალაქეებთან. მსგავს ხელშეკრულებებს ლევან ვარშალომიძე აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მცხოვრებ მოქალაქეებთან ამ დრომდე აფორმებს.
ხელშეკრულების თანახმად, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აჭარის რეგიონული ორგანიზაცია, წარმოდგენილი ლევან ვარშალომიძის სახით, იღებს ვალდებულებას, რომ ქალაქ ბათუმში, სპეციალურად ამისათვის გამოყოფილ ადგილას, განახოციელებს მრავალბინიანი სახლების მშენებლობას და მათ უსასყიდლოდ გადასცემს დასახლებაში მცხოვრებ პირებს. აღნიშნული ვალდებულების განხორციელებას პარტია ეტაპობრივად, გამარჯვებიდან 4 წლის მანძილზე გეგმავს. ხელშეკრულებაში არ არის მითითებული, თუ რა წყაროებიდან იქნება ეს პროექტი დაფინანსებული”, – ნათქვამია ”საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” განცხადებაში.
ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ საქართველოს საარჩევნო კოდექსის მიხედვით, დაუშვებელია საარჩევნო სუბიექტის, საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატებისა და მათი წარმომადგენლების მეშვეობით საქართველოს მოქალაქეების დაინტერესება ფულადი სახსრების, ფასიანი ქაღალდებისა და სხვა მატერიალური ფასეულობათა გადაცემის დაპირებით. ამასთანავე, ამომრჩევლის მოსყიდვა აკრძალული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით.
”ნორმის მიზნებისთვის, მნიშვნელოვანია, რომ საარჩევნო სუბიექტებმა წინასაარჩევნო კამპანია სხვადასხვა პროგრამებსა და იდეებზე დაყრდნობით აწარმოონ და არა ფინანსური/მატერიალური დაინტერესების მეშვეობით. პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ქმედება, შესაძლოა, მიმართული იყოს მეჯინისწყლის დასახლებაში მცხოვრებ მოქალაქეთა ხმების მიღების სანაცვლოდ, მათი საცხოვრებელი სახლებით უზრუნველყოფისკენ.
მიგვაჩნია, რომ პარტიის ქმედება, შესაძლოა, შეიცავდეს საარჩევნო კოდექსით აკრძალულ ამომრჩეველთა მოსყიდვის ნიშნებს, შესაბამისად, მოვუწოდებთ საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, დაინტერესდეს აღნიშნული ფაქტით, გამოიკვლიოს და დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, მიმართოს შესაბამის პასუხისმგებლობის ზომებს. ამასთანავე, მოვუწოდებთ საარჩევნო სუბიექტებს, თავი შეიკავონ, ისეთი ქმედებებისგან, რომლებიც ამომრჩევლის მხრიდან შეიძლება აღიქმებოდეს მათ მოსყიდვად”, – აცხადებენ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოში“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები