კონგრესში შესაძლოა, სპეციალური კომისია შეიქმნას, რომელიც საქართველოში გამოგზავნილი თანხების ხარჯვას შეისწავლის

კონგრესში შესაძლოა, სპეციალური კომისია შეიქმნას, რომლის ერთ-ერთი მიმართულება იმ თანხის მიზანმიმართულად ხარჯვის გამოკვლევა იქნება, რომელიც მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში ამერიკიდან საქართველოში დემოკრატიული პროცესების განვითარებისთვის იგზავნებოდა.
აღნიშნული განცხადება პორტალ „კვირას პრესკლუბში“ სამგორის რაიონის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, თბილისის საკრებულოს ყოფილმა თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილმა გააკეთა, რომელიც ახლახან ამერიკული „რესპუბლიკური პარტიის“ კლუბის „ქვინსის“ წევრი გახდა.
„სააკაშვილი პერიოდში აღნიშნული თანხის არამიზნობრივ ხარჯვასთან დაკავშირებით ინფორმაცია თავის დროზე, ჩვენ მიწოდებული გვაქვს ამერიკული პოლიტიკური წრეებისთვის, თუმცა გარკვეული პერიოდის მერე, ეს პროცესი მინელდა. ქართულ-ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაციის „თვისტომის“ მეშვეობით პროცესში მეც ვიყავი ჩართული. სქემა მარტივი და მნიშვნელოვანი იყო, რომ ამერიკელებს გაეგოთ ამერიკელი გადამხდელების მოთხოვნის საფუძველზე, ამერიკელი გადამხდელების ფული სად მიდიოდა: შენდებოდა დემოკრატია თუ მიხეილ სააკაშვილის ავტოკრატია“, – განაცხადა ირაკლი შიხიაშვილმა.
მისივე თქმით, ირაკლი ალასანია, როგორც კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ხსენებულ პერიოდში, ძალიან აქტიურად მუშაობდა ამ საკითხებთან დაკავშირებით ამერიკელებთან ერთად.
როგორც შიხიაშვილმა აღნიშნა, მას შემდეგ, რაც ალასანია ხიდაშელმა შეცვალა, აღნიშნული პროცესი შეჩერდა. მისი განცხადებით, იმ ჯგუფთან, რომელიც ამ საკითხზე მუშაობდა, თინა ხიდაშელს შეხვედრები აღარ ჰქონია და პრაქტიკულად ეს თემა გაჩერდა.
„ირაკლი ალასანიასგან ბევრი ინფორმაცია მივიდა ამერიკულ პოლიტიკურ წრეებამდე, თუ რა ხდებოდა საქართველოში. იდეა იყო, რომ კონგრესში უნდა შექმნილიყო დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც დაიწყებდა მოსმენებს, როგორი პოლიტიკური სიტუაცია არსებობდა ქვეყანაში. ძალიან უჭირდათ ამერიკელებს აღიარება, რომ მიხეილ სააკაშვილი არ აღმოჩნდა ის, როგორადაც თავს აჩვენებდათ. ამერიკა იმით განსხვავდება სხვა ქვეყნებისგან, რომ თავის ღირებულებებს არ უხვევს, არცერთი პიროვნების გამო, რადგან მისი ფუნქცია და მნიშვნელობა მომართულია იმაზე, რომ დაიცვას დემოკრატია.
რაც შეეხება თინა ხიდაშელს, მას ჰქონდა ამერიკაში შეხვედრები, მაგრამ რაზე იყო საუბარი, ჩემთვის უცნობია. უბრალოდ კითხვა ჩნდება, ხომ არ იყო გადაფარება დროის მოსაგებად გადადგმული ნაბიჯები, რათა ამოსუნთქვის საშუალება მისცემოდათ „ნაციონალურ მოძრაობას“ და მიხეილ სააკაშვილს.
მოგეხსენებათ, კოჰაბიტაციის ინიციატორები “რესპუბლიკელები“ იყვნენ და იმ დროს, როდესაც ხალხი სამართლიანობის აღდგენას ითხოვდა, დიდი ამოსუნთქვის საშუალება მიეცათ. ამაზე უკეთესად პასუხს თავად თინა ხიდაშელი გასცემს, თუ ამის სურვილი აქვს. ჩვენ ვაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას, რადგან ყველა კარგად ვხედავთ, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც მოკალათებულია ოდესაში, ყოველდღიურად ცდილობს და ათას ხრიკს იგონებს იმისათვის, რომ საქართველოში პოლიტიკური პროცესი ძალიან ცუდი მიმართულებით წაიყვანოს, რაც გამოიხატება დაპირისპირებების შექმნაში. ყველა კარგად ვხედავთ და ვკითხულობთ, რა ინფორმაციები ჩნდება სოციალურ ქსელში და რა გეგმები აქვთ ზურაბ ადეიშვილს, გიგა ბოკერიას, გივი თარგამაძეს, რათა ქვეყანაში შექმნან მეორე მაიდანი და მისი ექსპორტირება უკრაინიდან საქართველოში მოახდინონ“, – განაცხადა ირაკლი შიხიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები