დავით ზალკალიანი HLPF-ის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოვიდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი მდგრადი განვითარების შესახებ გაეროს მაღალი დონის პოლიტიკური ფორუმის (HLPF) მინისტრთა შეხვედრაში მონაწილეობს, რომელიც ეკონომიკური და სოციალური საბჭოს (ECOSOC) ეგიდით 18-20 ივლისს, ნიუ-იორკში იმართება.
მინისტრის პირველი მოადგილე სიტყვით გამოვიდა HLPF-ის გენერალურ დებატებზე.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, თავის გამოსვლაში მინისტრის პირველმა მოადგილემ ყურადღება გაამახვილა მოსახლეობის ყველა ჯგუფის დაცვის მნიშვნელობაზე და ისაუბრა უმცირესობების ინტეგრაციის კუთხით საქართველოს მიერ განხორციელებული ძალისხმევის შესახებ.
„მდგრადი განვითარების გეგმების შესრულების დროს არ უნდა დაგვავიწყდეს იძულებით გადაადგილებული პირები, რომლებიც ვერ ახერხებენ საკუთარ სახლებში დაბრუნებას“, – განაცხადა ზალკალიანმა.
მანვე ისაუბრა საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და დევნილთა საჭიროებებზე, აგრეთვე ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების მუდმივ დარღვევებზე, მათ შორის, თავისუფალი გადაადგილებისა და მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შეზღუდვებზე. ამ კუთხით, დავით ზალკალიანმა, ასევე ყურადღება გაამახვილა სოფელ ხურჩაში გიგა ოთხოზორიას მკვლელობის ფაქტზე.
HLPF-ის ფარგლებში, 19 ივლისს, მინისტრის პირველი მოადგილე მდგრადი განვითარების დღის წესრიგის (Agenda 2030) განხორციელების კუთხით საქართველოში დღემდე გადადგმული ნაბიჯების შესახებ პირველ ნებაყოფლობითი ეროვნული მიმოხილვის ანგარიშს (National Voluntary Review) წარადგენს. აღსანიშნავია, რომ HLPF გლობალურ დონეზე მდგრადი განვითარების დღის წესრიგის (Agenda 2030 for Sustainable Development) განხორციელების შეფასებისა და სამომავლო ნაბიჯების შესახებ განხილვების ცენტრალურ პლატფორმას წარმოადგენს. მიმდინარე წლის HLPF-ის მთავარი თემაა – „Ensuring that no one is left behind”, რომელიც, ამავდროულად, მდგრადი განვითარების ახალი დღის წესრიგის ფუძემდებლური პრინციპია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები