გიორგი კვირიკაშვილი: ხელისუფლების ჩარევისგან გავათავისუფლეთ მედია, სასამართლო, პოლიცია

დღეს ჩვენს ქვეყანას სწრაფი განვითარება სჭირდება, რათა მივაღწიოთ ჩვენი ხალხის, თითოეული ჩვენი მოქალაქის, მათი ოჯახების კეთილდღეობას, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ქუთაისში, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წინასაარჩევნო კამპანიის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, „ქართულ ოცნებას“ არც ერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს ვინმესთვის თვალის ასახვევად, ერთჯერადი ეფექტის მისაღებად და მოჩვენებითი სიკეთის შესაქმნელად.
“დღეს ჩვენს ქვეყანას სწრაფი განვითარება სჭირდება, რათა მივაღწიოთ ჩვენი ხალხის, თითოეული ჩვენი მოქალაქის, მათი ოჯახების კეთილდღეობას.
სწორედ ეს გახლავთ ჩვენი მიზანი. „ქართულ ოცნებას“ არც ერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს ვინმესთვის თვალის ასახვევად, ერთჯერადი ეფექტის მისაღებად და მოჩვენებითი სიკეთის შესაქმნელად. ჩვენ გადავარჩინეთ უამრავი ადამიანი, ყველას მივეცით მკურნალობის საშუალება. მარტო  C ჰეპატიტის პროგრამამ რამდენის სიცოცხლე იხსნა და რამდენ სასოწარკვეთილ ადამიანს დაუბრუნა სიცოცხლის იმედი.
ჩვენ უპრეცედენტო დახმარება გავუწიეთ სოფელს. ფეხზე წამოდგომის საშუალება მივეცით გლეხებს, ფერმერებს, მეწარმეებს. ყველა ადამიანს დავუდექით გვერდში, რამდენადაც ეს შესაძლებელი იყო, ჩვენ ხელისუფლება ხალხის სამსახურში ჩავაყენეთ და ასე გავაგრძელებთ მომავალშიც.
გაგრძელდება ყველა ის პროგრამა, რომელიც ჩვენს ხალხს, ჯერ კიდევ გაჭირვებულ ყოფას შეუმსუბუქებს. ჩვენ რეალურად გავათავისუფლეთ ბიზნესი. ხელისუფლების ჩარევისგან გავათავისუფლეთ მედია, სასამართლო, პოლიცია. დღეს საკუთრების უფლება დაცული და ხელშეუხებელია. ჩვენს ამ წარმატებას აღიარებს ყველა – საერთაშორისო ორგანიზაციები თუ პარტნიორი ქვეყნები, მაგრამ ეს ჩვენთვის საკმარისი არ არის.
ამაზე ვერ შევჩერდებით. ჩვენთვის მთავარია, თქვენ იგრძნოთ უკეთესობა. ჩვენ გვინდა, რომ თითოეული თქვენგანის ოჯახში მოვიდეს კეთილდღეობა“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები