გიორგი კვირიკაშვილი: „ქართული ოცნება“ არის ქმედითი და უალტერნატივო პოლიტიკური ძალა

„ქართული ოცნება“ არის ქმედითი და დღეს უალტერნატივო პოლიტიკური ძალა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ქუთაისში, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წინასაარჩევნო კამპანიის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ქართული ოცნება“ ის პოლიტიკური ძალაა, რომელიც დასავლური ღირებულებების ერთგულია, მტკიცედ დგას ევროპულ გზაზე და არ დაუშვებს ამ გზიდან გადახვევას. „ქართული ოცნება“ ის პოლიტიკური ძალაა, რომლისთვისაც სიტყვის თავისუფლება, კანონის წინაშე ყველას თანასწორობა მთავარი პრინციპები გახლავთ. „ქართული ოცნება“ ის პოლიტიკური ძალაა, რომლისთვისაც თითოეული ადამიანი ძვირფასია ნებისმიერი განსხვავებების მიუხედავად. „ქართული ოცნება“ ის პოლიტიკური ძალაა, რომლისთვისაც საქართველოს გამთლიანება აფხაზ და ოს ძმებთან შერიგებით იწყება და ჩვენ მზად ვართ, გავუნაწილოთ ჩვენს ძმებს ყველა სიკეთე, რაც ჩვენ გაგვაჩნია. „ქართული ოცნება“ ის პოლიტიკური ძალაა, რომელსაც შეუძლია თქვენთან ერთად თავისუფალი, დემოკრატიული, სტაბილური და წარმატებული ქვეყანა ააშენოს“, – განაცხადა პრემიერმა.
გიორგი კვირიკაშვილი დარწმუნებულია, რომ 8 ოქტომბრის არჩევნებში „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს.
„2012 წელს თქვენ „ქართული ოცნების“ გვერდით იდექით და ჩვენ ეს ბრძოლა მაშინ გამარჯვებით დავაგვირგვინეთ. ახლაც ბრძოლაში ვართ, მაგრამ საბედნიეროდ ახლა ეს ბრძოლა ჩვენი სამშობლოს წინსვლისა და განვითარებისთვის გვჭირდება. მჯერა, რომ ამ არჩევნებში 8 ოქტომბერს ჩვენ ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ. „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს და ამით ჩვენი საქართველო, ჩვენი სამშობლო გაიმარჯვებს“, – აღნიშნა პრემიერმა.
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერმა გიორგი კვირიკაშვილმა იმერეთის რეგიონში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ქუთაისის 47-ე ოლქში კენჭს იყრის გენადი მარგველაშვილი, ქუთაისის 48-ე ოლქში დიმიტრი მხეიძე, ქუთაისის 49-ე ოლქში კობა ნარჩემაშვილი, წყალტუბოში – ცოტნე ზურაბიანი, ზესტაფონში – შალვა კიკნაველიძე, თერჯოლა-ტყიბულში ,,ქართულ ოცნებას“ წარმოადგენს ელგუჯა გოცირიძე, საჩხერეში – პაატა კვიჟინაძე, ვანი-ხონის ოლქში გრიგოლ ლილუაშვილი, ჭიათურაში სულხან მახათაძე, ბაღდათი-ხარაგაულის ოლქში კობა ლურსმანაშვილი, სამტრედიაში გია მიქელაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები