გიორგი კვირიკაშვილი: დღეს უკვე თამამად შეგვიძლია შევთავაზოთ ხალხს სწრაფი განვითარება

დღეს უკვე თამამად შეგვიძლია შევთავაზოთ ჩვენს ხალხს სიახლე, ქვეყნის სწრაფი განვითარება, რაც თითოეული ადამიანის ცხოვრების დონის გაუმჯობესას გულისხმობს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ქუთაისში, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წინასაარჩევნო კამპანიის გახსნაზე განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, სწორედ ხალხის კეთილდღეობას ემსახურება ის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმა, რომელიც სწრაფი განვითარების გარანტი იქნება და სრულიად ახალ შესაძლებლობებს შექმნის ჩვენს ქვეყანაში ჩვენი მოქალაქეებისთვის.
„ჩვენ მომავალ ოთხ წელიწადში სამეწარმეო სულისკვეთება უნდა გავაძლიეროთ ქვეყანაში. უფრო მეტად უნდა ავამოძრაოთ ჩვენი ქვეყანა, მივცეთ ჩვენს ხალხს საშუალება და დავეხმაროთ, რომ თავად დაიწყონ თავიანთი საქმე და თვითონ წარუძღვნენ საკუთარ ბიზნესს. ჩვენ ამაში ყველას ხელს შევუწყობთ და წავახალისებთ. დავაფინანსებთ ახალ იდეებს, დამწყებ ბიზნეს. ჩვენ განათლების სისტემას შევცვლით ისე, რომ ახალგაზრდები მზად შეხვდებიან ცხოვრებას. შეიძენენ ისეთ პროფესიას, რომელიც სამსახურს მისცემს მათ და რეალიზების საშუალებას გაუჩენს.
საქართველოს ყველა კუთხე და ყველა სოფელი უნდა დაუკავშირდეს ერთმანეთს უმოკლესი, თანამედროვე და კომფორტული ინფრასტრუქტურით. ეს არის კიდევ ერთი აუცილებელი პირობა რომ ხალხს გაუდვილდეს მიმოსვლა, ვაჭრობა. მოწყობილი ინფრასტრუქტურა ბიზნესს მისცემს გაფართოების საშუალებას, ბიზნესის გაფართოება კი ახალი სამუშაო ადგილების გაჩენის წინაპირობაა.
ეს ყველაფერი კომპლექსში კიდევ უფრო გამოაცოცხლებს ქვეყანას და კეთილდღეობას მოუტანს ხალხს. ჩვენ უკვე დაწყებული გვაქვს ეს საქმე და რა თქმა უნდა, ამას ბოლომდე მივიყვანთ“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერმა გიორგი კვირიკაშვილმა იმერეთის რეგიონში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა.
გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ქუთაისის 47-ე ოლქში კენჭს იყრის გენადი მარგველაშვილი, ქუთაისის 48-ე ოლქში დიმიტრი მხეიძე, ქუთაისის 49-ე ოლქში კობა ნარჩემაშვილი, წყალტუბოში – ცოტნე ზურაბიანი, ზესტაფონში – შალვა კიკნაველიძე, თერჯოლა-ტყიბულში ,,ქართულ ოცნებას“ წარმოადგენს ელგუჯა გოცირიძე, საჩხერეში – პაატა კვიჟინაძე, ვანი-ხონის ოლქში გრიგოლ ლილუაშვილი, ჭიათურაში სულხან მახათაძე, ბაღდათი-ხარაგაულის ოლქში კობა ლურსმანაშვილი, სამტრედიაში გია მიქელაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები