„ვიყავით თანახმა, რომ ჩვენი წევრები ბოლომდე თანამდებობებზე დარჩენილიყვნენ და მათ გარეშე გავმართავდით საარჩევნო კამპანიას“

ვიყავით თანახმა, რომ ჩვენი წევრები დარჩენილიყვნენ ბოლომდე თანამდებობებზე და მათ გარეშე გავმართავდით საარჩევნო კამპანიას, – ამის შესახებ ”დავით უსუფაშვილი – რესპუბლიკელების” საარჩევნო სიის პირველმა ნომერმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მათი პოზიციისგან განსხვავებული პოზიცია ჰქონდა “ქართულ ოცნებას“. როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, ”ქართულმა ოცნებამ” ჩათვალა, რომ მრავალპარტიული კოალიციური მთავრობა წინასაარჩევნო კამპანიის დროს მიუღებელია.
”ძალიან ბევრი საუბარი იყო იმასთან დაკავშირებით, როგორ მოვახერხებთ, რომ თან კოალიციურ ვალდებულებს ვასრულებთ და თან საარჩევნო კამპანიაში ვერთვებით. როგორ და ასე – პოლიტიკა არ არის კერძო, პერსონალური ვნებების ასპარეზი, პოლიტიკა არის ხალხის საკეთილდღეო სამსახური, ამიტომ ჩვენ ბოლომდე გავაგრძელებთ ჩვენი მოვალეობების შესრულებას, მათ შორის მთავრობაშიც. თუ ჩვენ ევროპა და ცივილიზაცია გვინდა, უნდა შევეგუოთ და ვისწავლოთ ეს ტრადიციები, როცა მრავალპარტიული კოალიციები მუშაობენ არჩევნების ბოლომდე. ჩვენ აღნიშნული შეთავაზება გავუკეთეთ ჩვენს პარტნიორებს ”ქართული ოცნებიდან”. ვიყავით თანახმა, რომ ჩვენი წევრები დარჩენილიყვნენ ბოლომდე თანამდებობეზე და მათ გარეშე გავმართავდით საარჩევნო კამპანიას. ”ქართულმა ოცნებამ” სხვაგვარად გადაწყვიტა, მან ჩათვალა, რომ მრავალპარტიული კოალიციური მთავრობა წინასაარჩევნო კამპანიის დროს მიუღებელია. აქედან გამომდინარე, ”რესპუბლიკური პარტიის” მინისტრები ტოვებენ თანამდებობებს”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს ორმა ”რესპუბლიკელმა” მინისტრმა თანამდებობა დატოვა. როგორც ”რესპუბლიკური პარტიის” ბრიფინგზე გახდა ცნობილი, გადადგომის შესახებ განცხადებები თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა დაწერეს.
ამასთან, დღესვე ცნობილი გახდა, რომ ”რესპუბლიკური პარტიის” საარჩევნო სიის პირველი ნომერი პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი იქნება.
რაც შეეხება გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დცვის მინისტრს გიგლა აგულაშვილს, ის “რესპუბლიკურ პარტიას“ ტოვებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები