ვიქტორ დოლიძე: დავით უსუფაშვილი არის ყველაზე კარგი პარლამენტის თავმჯდომარე, ვინც კი საქართველოს ჰყოლია

„თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერის, ვიქტორ დოლიძის შეფასებით, დავით უსუფაშვილის პოლიტიკაში ყოფნა არის ქვეყნისთვის კარგი და ასევე კარგი იქნება, თუკი „რესპუბლიკელები“ მომავალ მთავრობაში იქნებიან წარმოდგენილნი. ამის შესახებ ვიქტორ დოლიძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც საპარლამენტო არჩევნებში „რესპუბლიკელების“ შანსებს და ამ პარტიის მომავალს ეხება.
„ჩემი აზრით, დავით უსუფაშვილი ყველაზე კარგი პარლამენტის თავმჯდომარეა, ვინც კი საქართველოს ჰყოლია. არ მაქვს პრობლემა ოპონენტების მიმართ, რომ კარგი სიტყვები ვისროლო. თუკი დავით უსუფაშვილი პოლიტიკაში დარჩება, ეს იქნება კარგი ქვეყნისთვის“, – თქვა ვიქტორ დოლიძემ.
მისივე თქმით, სხვადასხვა კვლევის მიხედვით ცნობილია, რომ დღესდღეობით, „რესპუბლიკურ პარტიას“ არა აქვს შანსი, რომ 5% – იანი ბარიერი გადალახოს, თუმცა „რესპუბლიკელები“ „თავისუფალ დემოკრატებთან“ არიან ახლოს იდეოლოგიურად და სასურველია, რომ ისინი პოლიტიკაში იყვნენ და მომავალშიც დარჩნენ.
„ჩემი შეფასებით, შესაძლებელია, რომ მაჟორიტარული წესით არჩევნებში რამდენიმე ადგილი აიღონ, ხოლო 5%-იანი ბარიერის გადალახვა მათ ძალიან გაუჭირდებათ“, -აღნიშნა ვიქტორ დოლიძემ.
მისი შეფასებით, რამდენადაც სხვადასხვა კვლევით პარლამენტში მოხვედრის შანსი ჯერჯერობით რამდენიმე სუბიექტს აქვს. ესენია: „ქართული ოცნება“, „ თავისუფალი დემოკრატები“, „ნაციონალური მოძრაობა“ და, სავარაუდოდ, „პაატა ბურჭულაძის მოძრაობა.“
„ჩემთვის უმთავრესი და ფუნდამენტური საკითხია, რომ პარლამენტი იყოს პროევროპული, ხელისუფლება იყოს პროევროპული და ჩვენ ნაბიჯები წინ გადავდგათ, რადგან დასაკარგი დრო არა გვაქვს. მომავალი 4 წლის განმავლობაში, ამაზე უნდა იყოს ორიენტირებული ჩვენი პარტია“, – თქვა ვიქტორ დოლიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები