აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ჯონ ქერისა და გიორგი კვირიკაშვილს შორის გაფორმებული მემორანდუმის ტექსტს აქვეყნებს

საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად შეერთებული შტატები დახმარების არსებული მექანიზმების გაფართოებას გეგმავს. ამის შესახებ საუბარია თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობის გაღრმავების შესახებ მემორანდუმში, რომელსაც დღეს თბილისში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ხელი მოაწერეს.
მემორანდუმის ტექსტს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
დოკუმენტში წერია, რომ სტრატეგიული თანამშრომლობის გაღრმავების ფარგლებში ყურადღების გამახვილება სამ სფეროზე იგეგმება: საქართველოს თავდაცვითი პოტენციალი, თანამშრომლობა სამხედრო და უსაფრთხოების სფეროში და ინფორმაციის ურთიერთგაცვლა.
„საქართველოს დამოუკიდებლობის 25-ე წლისთავზე, კიდევ ერთხელ ვადასტურებთ აშშ-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობას, ერთგულნი ვრჩებით თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ჩვენი ურთიერთობის გაღრმავების, ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში საქართველოს შემდგომი ინტეგრაციისკენ მიმართული ჩვენი მტკიცე მხარდაჭერის გაძლიერებისა და საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებისა,“- აღნიშნულია მემორანდუმში.
შეერთებული შტატები მაღალ შეფასებას აძლევს საქართველოს წვლილს, გლობალური მშვიდობისა და ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში.
„აშშ-ს მტკიცე პოზიცია უკავია და რჩება ერთგული საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. აშშ აღიარებს საქართველოს მნიშვნელოვან როლს, როგორც რეგიონში სტრატეგიული და სანდო პარტნიორის და კვლავ უჭერს მხარს საქართველოს უფლებას, გააკეთოს დამოუკიდებელი და სუვერენული არჩევანი საგარეო და უსაფრთხოების კურსზე, რომელიც ზეწოლისგან თავისუფალია გარე ზეწოლისგან“, – წერია დოკუმენტში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები