ბელგიაში „ისლამური სახელმწიფოს“ წევრებს 16-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს
„ისლამური სახელმწიფოს“ სამ წევრს ბელგიის სასამართლომ 16-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ამავე დაჯგუფებასთან კავშირისთვის კიდევ ერთი პირი სასამართლომ ციხეში 8 წლით ჩასვა. სასამართლოს ინფორმაციით, ქალაქ ვერვიეს მკვიდრნი „სისხლიან ტერორისტულ აქტებს“ გეგმავდნენ და ისინი „ისლამურ სახელმწიფოსთან“ არიან დაკავშირებულები. დაჯგუფებას აბდელჰამიდ აბაუდი ხელმძღვანელობდა, რომელმაც გასული წლის ნოემბერში პარიზში სისხლიანი ტერაქტი მოაწყო. მაშინ რამდენიმე ტერაქტს, საერთო ჯამში, 130 ადამიანი ემსხვერპლა. ეს პირები გასული წლის იანვარში, ჟურნალ „შარლი ებდოზე“ თავდასხმიდან ცოტა ხნის შემდეგ დააკავეს.