დიმიტრი ლორთქიფანიძე: ევროპარლამენტი საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭებას არ განიხილავს

„გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, დიმიტრი ლორთქიფანიძის განცხადებით, ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ევროპარლამენტი საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების საკითხს განიხილავს, სინამდვილეს არ შეესაბამება, რადგანაც საქართველომ ვერ შეძლო წინა საფეხურების წარმატებით გავლა.
„წარმომადგენლობითმა, მუდმივმოქმედმა ევროკავშირის კომისიამ, ფაქტობრივად, დაბლოკა საქართველოს, უკრაინის, კოსოვოს და თურქეთის საკითხები და ეს ოთხი ქვეყანა ერთ კალათაშია მოქცეული.
მეორე მხრივ, ის ფაქტი, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრების მიერ შექმნილი სპეციალური კომისიაა და მიგრაციის რიკისებიდან გამომდინარე ამ ორგანიზაციამაც დაბლოკა. საბოლოო ჯამში, მოგეხსენებათ, რომ ევროპარლამენტის სესია მუშაობას დაამთავრებს 7 ივლისს და საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაცის მინიჭება ვერ იქნება წარმოდგენილი იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მუდმივმოქმედმა კომისიამ უარყოფითი დასკვნა გასცა საქართველოსთვის და დანარჩენი სამი სახელმწიფოსთვის.
არის სხვა საკითხიც, მაშინ, როდესაც საქართველომ და მოლდავეთმა აღმოსავლეთ პარტნიორობისა და სამოქმედო გეგმის ფარგლებში ერთობლივად აიღეს ნაკისრი ვალდებულებები და მოლდავეთმა შეასრულა, ისევე როგორც საქართველომ, მაგრამ 2013 წელს მოლდავეთმა მიიღო ვიზალიბერალიზაცია, ჩვენ კი დღემდე უარს გვეუბნებიან. საქართველო და მოლდავეთი უნდა ყოფილყო ერთ კალათაში და არა საქართველო თურქეთი, უკრაინა და კოსოვო“,-განაცხადა ლორთქიფანიძემ.
„კვირაში“ გამართულ პრესკონფერენციაზე, „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ წარმომადგენელი საარჩევნო სისტემას, სოციალურ კვლევებს და ეგზიტპოლებსაც შეეხო. მისი განცხადებით, არასწორი ინფორმაციის გავრცელებაზე პასუხისმგებლობა არა კვლევის მწარმოებელ კომპანიებს, არამედ მედიასაშუალებებს ეკისრებათ.
„ქართული კანონმდებლობით ეგზიტპოლების სარგებლობისა და მისი გამოქვეყნების შესაძლებლობას კანონი იძლევა არჩევნების დაწყებამდე არაუგვიანეს 48 საათამდე პერიოდში, მაშინ, როდესაც ბრიტანეთში, ეს ვადები მოცემულია 2-3 კვირით. ეს მნიშვნელოვანი ფაქტია, რადგან ეგზიტპოლებით მანიპულირების შემთხვევებს აღარ აქვს დასასრული. ხან ხელისუფლება აქვეყნებს შედეგებს, ხან „ნაციონალური მოძრაობა“ უკვეთავს კვლევებს, GFK-ს, ხან NDI-ს უჩნდება სურვილი, რომ მათი შეხედულებისამებრ დაავალოს კონფიგურაცია. როდემდე უნდა გაგრძელდეს, ეს წარმოუდგენელია. მინდა მოვუწოდო ხელისუფლებას და დაინტერესებულ საზოგადოებას, რომ კარგად ჩახედონ საქართველოს ორგანულ კანონს, სადაც ნათლად წერია, რომ გადაუმოწმებელი ეგზიტპოლების და სოციოლოგიური კვლევების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით, პასუხისმგებლობას ატარებენ არა კვლევის მწარმოებელი ორგანიზაციები, არამედ ასეთი კვლევითი ორგანიზაციების მიერ მიღებული შედეგების გამავრცელებელი საინფორმაციო საშუალებები, მედიასაშუალებები“,- განაცხადა ლორთქიფანიძემ.
მისივე განცხადებით, დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისთვის 1500 ლარის ოდენობის ჯარიმაა გათვალისწინებული, რაც, ლორთქიფანიძის აზრით, ფინანსურად ძლიერი მედიასაშუალებებისთვის ზღვაში წვეთია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები