მაგდა პაპიძის მაზლი ბრალდებებს პასუხობს – ნახევარი საქართველო თურქეთშია, თან ისე, რომ ვიზა ყველას გაფუჭებული აქვს

„მაგდა პაპიძის დედამ ეს თავიდანვე განაცხადა, თითქოს ტერაქტებში ვმონაწილეობდი. წვერი რომ გაქვს ადამიანს და თურქეთში ხარ, ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ ტერორისტი ხარ. ნახევარი საქართველო თურქეთშია, თან ისე, რომ ვიზა ყველას გაფუჭებული აქვს. ეს არაფერს ცვლის და არც ამტკიცებს, რომ იქ რაღაც ისეთს ვაკეთებდი“, – განაცხადა მალხაზ ქაფიაშვილმა palitratv.ge-სთვის მიცემულ ინტერვიუში, სადაც კატეგორიულად უარყო ქმარ-შვილის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძის დედის მიერ მის მიმართ გამოთქმული ბრალდება.
გასულ კვირაში, მაგდა პაპიძის დედამ, ლია შამუგიამ მოკლული ომარ ქაფიაშვილის ძმის, მალხაზ ქაფიაშვილის მისამართით განაცხადა, რომ იგი „ისლამისტური დაჯგუფების“ წევრობას აპირებდა და საკუთარ ძმასთან ამ ნიადაგზე კონფლიქტი ჰქონდა.
მალხაზ ქაფიაშვილმა კატეგორიულად უარყო, რომ ძმასთან რაიმე სახის დაპირისპირება ჰქონდა.
”მე ისიც მაქვს გაგებული, რომ მახოს უნდოდა „ისლამურ დაჯგუფებაში“ შესვლა. ჩვენ ფეისბუქზე სურათიც მოვიპოვეთ, მერე წაშალა ეს სურათები და ლანა დაბლოკა. წვერიანი ბიჭები დამანახა ლანამ სურათში. ომარი სულ ეჩხუბებოდა, თუ ბრძოლა გინდა, ჩემს გვერდით დადექი და იბრძოლეო. სულ ჰქონდათ ამაზე ჩხუბი, ნუ მარცხვენო, ამის გაკეთება როგორ შეიძლებაო. უშლიდა ძალიან ამ „ისლამურ დაჯგუფებაში“ წასვლას. შეიძლება სრულიად ალალ-მართალია ეს ბიჭი, მაგრამ არ ვიცი”, – განაცხადა ლია შამუგიამ.
მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულ მაგდა პაპიძის საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ. პროცესზე უკვე დაიკითხნენ მოკლული ომარ ქაფიაშვილის დედა, დარეჯან მინდიკაური, ძმა მალხაზ ქაფიაშვილი და მათი მეზობლები.
ომარ და თორნიკე ქაფიაშვილები 2015 წლის 19 დეკემბერს გარდაცვლილები იპოვეს. სამართალდამცველებმა ქმარ-შვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი მაგდა პაპიძე 20 დეკემბერს დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები