ნუკრი ქანთარია – თუ „ნაციონალურ მოძრაობას“ ხელიდან გამოაცლი პროვოკაციის შესაძლებლობას, ნულის ქვემოთ ჩამოვა
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ნუკრი ქანთარია არჩევნებზე ქცევის ნორმების გამკაცრების საკითხს დადებითად ეხმაურება, თუმცა იმასაც აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრობა“, სავარაუდოდ, ამ რეგულაციებს არ დაემორჩილება.
მისივე განცხადებით, თუ მათ პროვოკაციის გამართვის შესაძლებლობა არ ექნებათ, ნულის ქვემოთ ჩამოვლენ. „მაქსიმალურად უნდა დავიცვათ სიმშვიდე და ვაჩვენოთ საზოგადოებას, რომ ყოველგვარი მკვეთრი და შეურაცხმყოფელი დაპირისპირების გარეშე შეგვიძლია არჩევნების ჩატარება, მაგრამ, როგორც ვატყობ, ამის მოსურნეები ზოგიერთები. მით უფრო, „ნაციონალური მოძრაობა“, რომელსაც თუ ხელიდან გამოაცალე პროვოკაცია და სპეკულაცია (რომლითაც ის საზრდოობს), ფაქტობრივად, ნულის ქვემოთ ჩამოვა. მათი საზრდო ის არის, რომ შემდეგ აქედან ააგონ პიარი და თუ ეს არ იქნება, მერე არც არავის გაახსენდება ეს ხალხი. მგონია, რომ ამას არც ხელი მოაწერეს და არც დაემორჩილებიან, მაგრამ ჩვენ ჩვენი ვთქვით და დანარჩენი ხალხმა განსაჯოს. დარწმუნებული ვარ, რომ კანონი იმოქმედებს.
„კვირაში“ გამართულ პრესკონფერენციაზე ქანთარია იმ კანონპროექტსაც გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც პოლიციელს უფლება აქვს, საჭიროების შემთხვევაში წესრიგი დაამყაროს. ქანთარია კანონპროექტს დადებითად გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს სწორი გადაწყვეტილება იყო.
„ეს არ ნიშნავს იმას, რომ იქ სპეცრაზმი იდგეს და ხალხი შეაშინოს. მაგრამ თუ მოხდება გარკვეული კონფლიქტი, მას სრული უფლება ექნება, შემოვიდეს, ჩააქროს კონფლიქტი და, თუ საჭირო იქნება, დამნაშავე მოაცილოს იქიდან. დარწმუნებული ვარ, იმაზე უკეთეს არჩევნებს ჩავატარებთ, ვიდრე ეს წინა ორი იყო“,- განაცხადა ქანთარიამ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში.