თბილისში პოლონეთის სახაზინო დაზვერვის დეპარტამენტის დელეგაცია იმყოფება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მოწვევით თბილისში სამუშაო ვიზიტით პოლონეთის სახაზინო დაზვერვის დეპარტამენტის დელეგაცია იმყოფება. დელეგაციას დეპარტამენტის უფროსი ტომას პოვალკა ხელმძღვანელობს, დღეს პოლონეთის დელეგაციის წევრებს საგამოძიებო სამსახურის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი და სხვა ხელმძღვანელი პირები შეხვდნენ. პოლონეთის დელეგაციის წარმომადგენლებს ქართველი კოლეგები ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში მასპინძლობენ. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, სამუშაო შეხვედრაზე პოლონელმა და ქართველმა სამართალდამცველებმა ეკონომიკური და საგადასახადო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხები განიხილეს. მხარეებმა საგამოძიებო და ოპერატიული საქმიანობის ევროპული სტანდარტების დაცვის შესახებ ისაუბრეს. ასევე – დანაშაულის გამოვლენის პროცესში მონაცემთა ბაზის, ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებისა და სხვადასხვა ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის კოორდინირებული მუშაობის მნიშვნელობაზე. შეხვედრაზე კოლეგებმა ერთმანეთს გაუზიარეს წარმატებული საქმიანობის გამოცდილება და ოპერატიულ – სამძებრო მუშაობის პრაქტიკული საკითხები. სამართალდამცავი სამსახურების საქმიანობის დახვეწის და ურთიერთხელშეწყობის მიზნით, პოლონელ და ქართველ კოლეგებს შორის კვლავ დაიგეგმა სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები. პოლონეთის სახაზინო დაზვერვის დეპარტამენტის დელეგაციის წევრები ხვალ ყვარელს მოინახულებენ.