ქართული მხარე გალის შეხვედრაზე ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულის გადმოცემას მოითხოვს

გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულის დაკავებასა და გადმოცემას ქართული მხარე გალში, 6 ივლისს დაგეგმილ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შემდგომ შეხვედრაზეც მოითხოვს.
რეინტრგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილის, ქეთი ციხელაშვილმა განაცხადებით, ხურჩაში 19 მაისს მომხდარი საქართველოს მოქალაქის მკვლელობა ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი იყო ჟენევის 36-ე რაუნდზეც.
„ჟენევის დისკუსიების ორივე სამუშაო ჯგუფში ეს იყო ორივე თემა, ვინაიდან დღემდე ფაქტობრივად არ გვაქვს დადასტურებული ინფორმაცია, რომ ეს პირი არ არის დაკავებული მკვლელი, დამნაშავე, ეს არის ალბათ ის მინიმუმი, რომლის მოლოდინიც არა მხოლოდ ქართულ მხარეს აქვს და ჰქონდა, არამედ საერთაშორისო თანამეგობრობასაც და, მინდა გითხრათ, რომ ჟენევაში ჩვენ ვიყავით ერთსულოვანი ამ მოთხოვნაში, აუცილებელია მკვლელი დაისაჯოს. ჩვენ გავაგრძელებთ ამ თემაზე მუშაობას”, – განაცხადა ქეთი ციხელაშვილმა.
მისი განმარტებით, რამდენიმე დღეში გალში ჩანიშნულია ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა და იქაც აუცილებლად იქნება მკვლელის დასჯაზე საუბარი.
“ყველასთვის გასაგები უნდა იყოს, რომ ეს არის მაღალი მნიშვნელობის საკითხი და ყოველთვის იქნება ასეთი მნიშვნელობის საკითხად, განსაკუთრებით იმ ამოცანების მისაღწევად, რომელიც გულისხმობს კონკრეტული დამნაშავის დასჯას და შემდგომში მსგავსი უბედურების თავიდან აცილებას. ჩვენი მოთხოვნა უკვე გავრცელდა წინა სხდომაზე. ის, რომ პირი უნდა იყოს დაკავებული, ეს მინიმუმია. სხვათა შორის, ე.წ აფხაზეთის პროკურატურის გავრცელებული ინფორმაციითაც, ამ პირს ბრალი აქვს წაყენებული და საქმე კვალიფიცირებულია განზრახ მკვლელობად, რაც ადასტურებს, რომ დე ფაქტო ე.წ. სტრუქტურები აღიარებენ, რომ უმძიმესი დანაშაულია ჩადენილი. რა ინფორმაციაც ვრცელდება შემდგომში, ე.წ. შინაპატიმრობის შესახებ, ცხადია, არაადეკვატური ზომაა. აქედან გამომდინარე, ქართული მხარის მოთხოვნა არის ის, რომ პირი უნდა იყოს დასჯილი, 27 მაისსვე მოვითხოვეთ, რომ პირი იყოს დაკავებული და გადმოცემული ქართული მართლმსაჯულებისთვის”, – განაცხადა ქეთი ციხელაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები