მაგდა პაპიძე გამომძიებელს: რაში დაგჭირდათ ჩემი წამება, თუ ამდენი მტკიცებულება და მოტივაცია გქონდათ

რაში დაგჭირდათ ჩემი წამება თუ ამდენი მტკიცებულება და მოტივაცია გქონდათ, – ამ სიტყვებით მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულმა, მაგდა პაპიძემ სასამართლო პროცესზე გამომძიებელს მიმართა.
დღევანდელ პროცესზე ბრალდებულმა ციხის და ღუდუშაურის ექიმების დასკვნები წაიკითხა.
როგორც პაპიძემ აღნიშმა, მისი თხოვნით სახალხო დამცველის აპარატმა პროკურატურიდან დაზიანებების დამადასტურებელი დასკვნები გამოითხოვა, რომელიც მას გადასცა.
“22 დეკემბერს, როდესაც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შემასახლეს, შემამოწმა მორიგე ექიმმა. მთელ სხეულზე აღმომაჩნდა სისხლნაჟღენთები და დაზიანებები, რომელიც ექიმმა დასკვნაში აღწერა. კერძოდ – ბეჭებზე, მხრებზე, მუცელზე, ბარძაყზე, მუხლზე, ხელებზე დაზიანებები და სისხლნაჟღენთები. ექიმმა ეს დასკვნაში დაწერა. ღუდუშაურის ექიმმაც ზუსტად ის დაზიანებები აღწერა, რაც ციხის ექიმს ჰქონდა დაფიქსირებული. მისი დასკვნით, დაზიანებები მკვრივი, ბლაგვი საგნით არის მიყენებული და დაკავების თარიღს არ ეწინააღმდეგება. რაში დაგჭირდათ ჩემი წამება, თუ ამდენი მტკიცებულება და მოტივაცია გქონდათ”,- მიმართა განსასჯელმა მისი საქმის გამომძიებელს.
დღევანდელ პროცესზე საქმის გამომძიებელმა ბრალდებულის მიერ გამოთქმული ყველა ბრალდება უარყო და განმარტა, რომ პაპიძე დაკავებისას არავის უწამებია. დაზიანებები კი შესაძლოა, მკვლელობის ღამეს, დანაშაულის ჩადენისას და კვალის წაშლისას მიიღო.
შეგახსენებთ, რომ პაპიძის განცხადებაზე წამებასთან დაკავშირებით პროკურატურაში ცალკე გამოძიება 6 თვეა მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები