1 ივლისიდან მეტადონით ჩანაცვლების თერაპიის პროგრამაში ცვლილებები შედის

1 ივლისიდან ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი, ბენეფიციართა მომსახურების არეალს აფართოებს, რის გამოც მეტადონით ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამაში გარკვეული ცვლილებები შედის.
ცენტრის ხელმძღვანელის, ლაშა კილაძის მტკიცებით, ცვლილებების მიზანი ბენეფიციარებისთვის უკეთესი პირობების შექმნაა.
„კვირაში“ სტუმრობისას, მან განაცხადა, რომ პროცესი ბენეფიციარების მედიკამენტებით უზრუნველყოფაზე არ იმოქმედებს.
„მეტადონით ჩანაცვლების პროგრამა საქართველოში 10 წელზე მეტია ხორციელდება, აქედან დაახლოებით 7-8 წელი სახელმწიფო პროგრამით ხორციელდება, მანამდე კი მას მხოლოდ და მხოლოდ „გლობალ ფონდი“ ახორციელდებდა.
1 ივლისიდან პროგრამას საქართველოს ტერიტორიაზე მხოლოდ და მხოლოდ ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი განახორციელებს, ვგულისხმობ ქვეკონტრატრაქტორთან ურთიერთობის გარეშე. მთავარი მოტივი, რამაც ეს გადაწყვეტილება განაპირობა, გახლავთ პროგრამის ხარჯთეფექტურობის ზრდა და ჩვენი ბენეფიციარებისთვის ახალი სერვისების შეთავაზება როგორც გეოგრაფიული, ასევე ფინანსური სახით.
კვირის ბოლოს ცენტრს მზადყოფნაში ექნება რვა განყოფილება იმისთვის, რომ მიიღოს ბენეფიციარების ახალი ნაწილი, ის ბენეფიციარები, რომლებიც ამ ეტაპზე სერვისს იღებენ ჩვენი ქვეკონტრაქტორი ორგანიზაციისგან – „ურანტი“, – განაცხადა კილაძემ.
როგორც კილაძემ დღეს „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას აღნიშნა, მეტადონით ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამისთვის გათვალისწინებული საბიუჯეტო სახსრების, თითქმის ნახევარი ქვეკონტრაქტორ ორგანიზაციაზე მიემართებოდა.
მეტი წილი ნაწილდებოდა ააიპ „ურანტის“ ადმინისტრაციულ ხარჯზე. 1 ივლისიდან კი ეს რესურსი სრულად მოხმარდება ბენეფიციარების სერვისების გაუმჯობესებას. პროგრამის განხორცილებაში ჩართულ „ურანტის“ყველა თანამშრომელს, იგივე საქმიანობის გაგრძელებას ცენტრი ახალ განყოფილებებში სთავაზობს.
ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი მეტადონით ჩანაცვლებითი თერაპიის როგორც სახელმწიფო, ისე გლობალური ფონდის მიერ დაფინანსებულ პროგრამებს ახორციელებს.
აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო დაფინანსების ფარგლებში, თბილისში მეტადონით ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამის 8 განყოფილება ფუნქციონირებს, ხოლო რეგიონებში 9 (თელავი, გორი, ქუთაისი, ოზურგეთი, ფოთი,ზუგდიდი, ქობულეთი ,ბათუმი და ზესტაფონი). გაიხსნა ორი ახალი განყოფილება ჯავახიშვილის ქუჩაზე, რომელიც შესძლებს 150 ბენეფიციარის მიღებას. თვის ბოლომდე გაიხსნება კიდევ სამი ახალი განყოფილება გლდანში, ვაკეში და ისანში. ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამებში სულ 3000-მდე ბენეფიციარს ემსახურება. კილაძის განცხადებით, ცენტრი ქალბატონებისთვისაც გეგმავს ცალკე განყოფილების გახსნას, თუმცა ამ ეტაპზე მათი მომართვიანობა არც ისე მაღალია, ამ დროისთვის, მხოლოდ ათეულობით ქალბატონია რეგისტრირებული, მათ შორის ყველაზე ახალგაზრდა კი 27-18 წლის ბენეფიციარია.
იმ ბენეფიციარებისთვის, რომლებსაც ჩანაცვლებით თერაპიაში ჩართვა სურთ, ვაუჩერის ღირებულება 215 ლარია. პაციენტის მხრიდან თანაგადახდის შემდეგ, გადასახადი 1 თვის მანძილზე 110 ლარს შეადგენს. თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ თანაგადახდა არ ეხებათ აივინფიცირებულებს და იმ სოციალურად დაუცველ პირებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000 ქულას. კვირაში გამართულ პრესკონფერენციაზე კილაძემ ისიც განაცხადა, ცენტრი აქტიურად მუშაობს, რომ ბენეფიციარების მიერ გადასახდელმა თანხამ იკლოს. კილაძის ვარაუდით, იმ შემთხვევაში, თუ ცვლილებები წარმატებით განხორციელდა, გადასახდელი თანხა შესაძლოა, 70-80 ლარითაც კი შემცირდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები