იუსტიციის უმაღლესი საბჭო „რუსთავი 2”-სთვის სააპელაციო სასამართლოს განჩინების ჩაბარების ვადების საკითხს შეისწავლის
იუსტიციის საბჭოს წევრი ლევან თევზაძე აცხადებს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო ტელეკომპანია “რუსთავი 2”-სთვის სააპელაციო სასამართლოს განჩინების ჩაბარების ვადების საკითხს შეისწავლის.
როგორც ლევან თევზაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, როგორც მოსამართლე, თავად ამ საკითხზე კომენტარს ვერ გააკეთებს, ვინადან ის სისხლის სამართლის მოსამართლეა და არა სამოქალაქო სამართლის და, შესაბამისად, გადაწყვეტილების შეფასება არ შეუძლია.
“არის კონკრეტული პრეტენზიები, გვექნება მასალები, განვიხილავთ ამ ყველაფერს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფორმატში და მივიღებთ გადაწყვეტილებას”, – განაცხადა მოსამართლემ.
გუშინ, „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ სააპელაციო სასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების შესახებ განჩინება ტელეკომპანიას ელფოსტის საშუალებით გაუგზავნა, რაც ვადების დარღვევით მოხდა. გვარამიას თქმით, ტელეკომპანიის მხარე გეგმავდა, სააპელაციო სასამართლოს განჩინება 30-ე დღეს, კანონით გათვალისწინებულ ვადებში მიეღო, რათა მათთვის მიცემული დრო ბოლომდე გამოეყენებინა, თუმცა გვარამია აცხადებს, რომ სასამართლომ ტელეკომპანიას კუთვნილი 18 დღე მოპარა და განაჩენი დროზე ადრე გადაუგზავნა, რისი უფლებაც სასამართლო ხელისუფლებას არ ჰქონდა.