ირაკლი ღარიბაშვილი დევიდ ლიდინგტონს შეხვდა

  საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრს ევროპის საკითხებში დევიდ ლიდინგტონს შეხვდა. შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი და დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი ევროპის საკითხებში, მიესალმნენ, თბილისში ბრიტანულ-ქართული სავაჭრო პალატის წარმომადგენლობის გახსნას და ორი ქვეყნის ბიზნესურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავების იმედი გამოთქვეს. მხარეებმა საქართველო-ბრიტანეთის ურთიერთობების საკითხებზე ისაუბრეს. გამოითქვა კმაყოფილება საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეული წარმატებების გამო.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ივნისში საქართველო ხელს მოაწერს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას. საქართველოს მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს მომავალი ევროატლანტიკური ოჯახის წევრობა არის. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომრეობას. ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა ბრიტანეთის ევროპის საქმეთა სახელმწიფო მინისტრს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხებზე და კმაყოფილებით აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის არსებობს მემორანდუმი თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები